მემფის დეპაის მამას სურს, რომ მათ ურთიერთობაში არსებულ 17 წლიან განხეთქილებას წერტილი დაუსვას. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ურჩევნია, რომ მის მაისურზე სახელი ეწეროს და არა გვარი, რადგან მას არ სურს იმ ადამიანის გვარის ტარება, რომელმაც ის ოთხი წლის ასაკში მიატოვა.
თუმცა 50 წლის უფროსი დეპაი ამტკიცებს, რომ შვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს ჰქონია და სურს, ურთიერთობა დაალაგოს.
"ტყუილია, რომ მე ის ოთხი წლის ასაკიდან არ მინახავს, ეს წარმოუდგენელია." - განაცხადა დენისმა The Sun-თან ინტერვიუში. "ის ჩემი შვილია და მიყვარს, სწორედ მე ვაჩუქე მას პირველი ბურთი. მე ის არასდროს მიმიტოვებია, მუდამ ვცდილობდი, ახლოს ვყოფილიყავი."
"Youtube-ზე ვნახე, როგორ ლაპარაკობდა ის ჩემზე, მემფისს არ სურს ჩემი გვარის ტარება ზურგზე. ამის მოსმენის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი. ძალიან მინდა, მასთან კვლავ მქონდეს ურთიერთობა. შვილი მენატრება."