ხავიერ ერნანდესს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერ კიდევ მოახერხებს თამაშს.
27-წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით მადრიდის "რეალში" გაატარა, რადგან ვან გაალმა მისი სამსახური საჭიროდ არ ჩათვალა.
"რეალმა" მექსიკელის გამოსყიდვა არ ისურვა და ერნანდესი მომდევნო თვეს კარინგტონს დაუბრუნდება.
ვან გაალი ჩიჩარიტოსთვის შანსის მიცემას არც ამჯერად აპირებს, თუმცა თავად ფეხბურთელს სჯერა, რომ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, თამაშის საშუალება მიეცემა.
"განსხვავებული ვითარება იყო. ვან გაალი მოვიდა და გუნდის გადაწყობა, მისი შემცირება ისურვა.
"იუნაიტედს" ევროტურნირებზე თამაში არ უხდებოდა, ამიტომ ვან გაალს არ სურდა ბევრი ფეხბურთელი დაეტოვებინა, რადგან ისინი თამაშის შანსს ვერ მიიღებდნენ.
ახლა კი სხვა სიტუაციაა. კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, უფრო მეტ შეხვედრას ჩაატარებს, ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება.
ვფიქრობ, "იუნაიტედში" თამაშის შანსი მექნება. ყველაფერი, რაც მინდა, იმ გუნდში გადასვლაა, სადაც სათამაშო დრო მომეცემა. იქნება ეს "იუნაიტედი" თუ სხვა გუნდი, სულერთია - ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები. სხვა დანარჩენზე მთავარი ჩემთვის თამაშია.
"რეალს" ჰქონდა ვადა, რათა ჩემი გამოსყიდვა მოეხერხებინა, მაგრამ ხელიდან გაუშვა. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ, აი რა არის რეალობა", - განაცხადა ხავიერ ერნანდესმა.