"საუთჰემპტონის" ლეგენდა მატ ლე ტისიე დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი გუნდი ამ ზაფხულში ვერ შეძლებს მორგან შნეიდერლინის შენარჩუნებას, რომელიც სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.
უკვე ორი სატრანსფერო ფანჯარაა რაც შნეიდერლინით ბევრი ტოპ კლუბი ინტერესდება, მათ შორის ყველაზე აქტიური "ტოტენჰემი" და "არსენალი" იყვნენ, თუმცა ბრძოლაში აქტიურად "იუნაიტედიც" ჩაერთო.
გასულ ზახფულს "საუთჰემპტონმა" მოახერხა ფრანგი ჩამშლელის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს. მაგრამ მატ ლე ტისიე ფიქრობს, რომ წელს გუნდი ხელს ვეღარ შეუშლის ფრანგის ტრანსფერს.
"მეტად სავარაუდოა, რომ ის გუნდს დატოვებს." - განუცხადა ლე ტისიემ Sky Sports-ს. "მთავარი კითხვა, ტოპ ოთეულის რომელ კლუბში სურს მას კარიერის გაგრძელება."
"ვფიქრობ მისი მსურველებიდან სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება მის პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელი. შნეიდერლინი მათი შესაფერისი ვარიანტია, რასაც ბოლო რამდენიმე სეზონია ამტკიცებს."
"როგორც ჩანს მათი ინტერესის სფეროში შვაინშტაიგერიც შედის, მაგრამ თუ ისინი გერმანელის შეძენას ვერ მოახერხებენ, მორგანი ნომერ პირველი სამიზნე გახდება."
"საუთჰემპტონმა" ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე ლუკ შოუს, ადამ ლალანას, რიკი ლამბერტს და კალუმ ჩემბერს წასვლის უფლება მისცა, რის შედეგადაც სოლიდური თანხაც მიიღო. ლე ტისიე თვლის, რომ შნეიდერლინი კიდევ ერთი სარფიანი გარიგება იქნება.
"მასში დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გადავიხადეთ 2008 წელს. ახლა კი მისი გაყიდვა კარგ თანხად შეიძლება, რაც გუნდისთვის მომგებიანი იქნება."
"ვფიქრობ "საუთჰემპტონი" ფეხბურთელებთან ყოველთვის სამართლიანად იქცევა და მათ ხელს არ უშლის ტოპ გუნდებში გადასვლაში, რაც წინა წელსაც გამოჩნდა."
"შნეიდერლინის საქმე წინა ზაფხულს განსაკუთრებული იყო, რადგან ამდენი გაშვებული ფეხბურთელის მიუხედავად, "წმინდანებმა" მისი შენარჩუნება მოახერხეს."