ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ჩატარებული სეზონით, რადგან მიაჩნია, რომ გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელების დაკარგვის მიუხედავად მაინც შეძლო წარმატების მიღწევა.
"წითელმა ეშმაკებმა" დაცვის ხაზში პატრის ევრა, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი დაკარგეს, ვან გაალმა კი ისინი თავისი კანდიდატებით ჩაანაცვლა. ჰოლანდიელი "არსენალთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოთხეულში მოხვედრას წარმატებულ შედეგს უწოდებს.
როცა ჰკითხეს, შესრულდა თუ არა მისია, ვან გაალმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ დავისახეთ მიზანი, ხელმძღვანელობამ და მე, რაც გონივრული იყო. ვფიქრობ, დიდი გამოწვევა იყო. როცა აქ მოვედი, მრავალი ფეხბურთელი იყო, ჩვენ 15 მათგანს მივეცით წასვლის საშუალება და მხოლოდ 5 შევიძინეთ.
ასევე მოვიქეცით სხვადასხვა ფეხბურთელების შემთხვევაში წინა წელს, რადგან როცა კარგავ ევრას, ვიდიჩისა და ფერდინანდის მსგავს ფეხბურთელებს, შენ კარგავ გამოცდილებას და დაცვის ორგანიზაციას. შემდეგ ანახლებ მთლიან დაცვას, ამიტომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ანტონიო ვალენსიას ვაყენებდით, ის კი ვინგერია. შემდეგ კი ჩვენთან მოვიდნენ როხო და 19-წლის შოუ, რომლებიც ჯონსთან, სმოლინგთან და ევანსთან ერთად ჩვენთვის თამაშობდნენ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ საკმარისად კარგი არ არის, რადგან საბოლოოდ ჩემპიონობა გვინდა. ახლა კი მესამე ადგილზე გასვლა გვსურს, რადგან ეს შესაძლებელია. "არსენალზე" ზეწოლის მოხდენა შეგვიძლია და კვირას სწორედ ამას ვაპირებთ".
ვან გაალმა ისიც განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იოლი მატჩის მოლოდინში არ არის.
"ეს ყოველთვის სახიფათოა, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მართალია "ლივერპულს" ჩვენი გადასწრება აღარ შეუძლია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე მატჩები გვექნება ჩასატერებელი, ეს კი სახიფათოა. ადვილი არ იქნება. ადვილ მატჩებს აწი აღარ მოველი".