თუ გარეტ ბეილი ზაფხულში "რეალის" დატოვების სურვილს გამოთქვამს, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მის შესაძენად 100 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
The Telegraph-ი ირწმუნება, რომ "წითელი ეშმაკები" ასეთი თანხის დახარჯვის უფლებას საკუთარ თავს მისცემენ, რადგან Adidas-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ისინი 750 მლნ. ფუნტს მიიღებენ.
კლუბის ხელმძღვანელობამ ვან გაალს აცნობა, რომ მას ყოველთვის ექნება 100 მლნ. ფუნტის დახარჯვის საშუალება იმ შემთხვევაში, თუ ბეილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმისაწვდომი იქნება.
25-წლის ბეილი, რომელიც "რეალმა" 2013 წელს "ტოტენჰემისგან" 85 მლნ. ფუნტად შეიძინა, ჯერ კიდევ სარგებლობს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ნდობით, მაგრამ გულშემატკივრებისა და პრესისგან დიდ ზეწოლას განიცდის.
გასული სეზონის ბოლოს ბეილი "რეალის" მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის ფინალებში გაიტანა გოლი. თუმცა მიმდინარე სეზონში მისი შედეგი შედარებით მოკრძალებულია და თუ მისი როლი მნიშვნელოვან მატჩებში შეიცვლება, უელსელი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე დაფიქრდეს.