"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ აქვს პრემიერ ლიგის მოგების შანსი.
შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის შეგირდები "ასტონ ვილას" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.
ამ დროისთვის "წითელი ეშმაკები" ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. ვან გაალს კი სჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი ბოლოს გახდება ცნობილი. როცა 11 მატჩში 13 ქულა ავიღეთ, ჩვენ გაკრიტიკებას აგრძელებდნენ, მაგრამ ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს ყველაფერი გამოჩნდებოდა.
რბოლაში სივიწროვე ჯერ კიდევ არსებობს და "ლივერპულთან" ერთად მასში "ტოტენჰემიც" მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ორივე მათგანს უკვე ვძლიეთ, მაგრამ წინ პირველ სამ გუნდთან გვაქვს სათამაშო. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჯერ-ჯერობით კი ტიტულის მოგების მათემატიკურ შანსს ვინარჩუნებთ.
არც მიკვირს. ყოველდღე ვშრომობთ და უნდა გამოჩენილიყო, როგორ რეაგირებენ ფეხბურთელები ვარჯიშის ჩემეულ მეთოდებზე. ხანდახან მრავალჯერ მიხდება ახსნა, ფეხბურთელებისთვის იოლი არ არის. ხანგრძლივი პროცესია.
სულ თავიდან დავიწყეთ, არამიმდევრულები ვიყავით და შედეგს ვერ ვაჩვენებდით. ნაბიჯი გადავდგით, ახლა მიმდევრულებიც ვართ და შეძლებულებიც.
შესაძლოა ახლა ამ პროცესში საბოლოო ნაბიჯებს ვდგამთ. ამის იმედი მაქვს. ბოლო ხუთი მატჩით ვსჯი, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რადგან ორი მარცხი და შენი თავდაჯერება ქრება.
"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ გავიფიქრე, რომ საერთაშორისო შესვენება უდროო იყო, მაგრამ ვნახე როგორ იასპარეზეს ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ფეხბურთელების ჩემს ხედვას ამტკიცებს." - განაცხადა ვან გაალმა.