"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ "ტოტენჰემის" დამარცხებით მისმა გუნდმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.
დაცვაში ორგანიზებული და თავდასხმაში შეწყობილი თამაშის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" "დეზებს" 3-0 მოუგეს და უშუალო კონკურენტს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დიდი პრობლემები შეუქმნეს.
"სასტარტო 5 წუთის გარდა მატჩის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. ლამაზი გოლები გავიტანეთ და მეტოქეს ჩვენს კართან არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
შეგვიძლია ჩვენი თამაშით, შედეგით და "არსენალთან" განცდილ მარცხზე ჩვენი რეაქციით კმაყოფილები ვიყოთ. როცა ასეთი უიღბლობა გდევს, ფანტასტიური გუნდური სული უნდა გამოავლინო და დღეს ეს დავინახე." - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალი საკუთარი გუნდის წარმატებულ შედეგსა და კარგ თამაშს ოპონენტის დამსახურებადაც თვლის.
"პირველი გოლის გატანის შემდეგ თავდაჯერებულობა გეზრდება და ცოტა უფრო სწრაფად თამაშობ, მაგრამ ეს ასევე იმიტომ მოხდა, რომ "ტოტენჰემს" ფეხბურთის თამაში სურდა. ფეხბურთის სათამაშოდ კი ყოველთვის ორი კლუბი გჭირდება."
ტრავმის მოშუშების შემდეგ მაიკლ კერიკმა სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საგოლე გადაცემითა და გოლით გამოირჩა.
"მაიკლ კერიკი არა მარტო ჩემი ვიცე-კაპიტანი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. მას ბურთის გადაცემა არა მარტო ფლანგზე, არამედ წინაც შეუძლია. მოედნის ცენტრში ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება."
ჰოლანდიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებულ გამარჯვებას მხოლოდ პირველ ნაბიჯად მიიჩნევს და თვლის, რომ წინ უფრო დიდი მატჩები ელოდება.
"წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და წინ გველის შეხვედრა "ლივერპულთან", რომელიც ასევე ჩვენი კონკურენტია."
ანგარიშის გამხსნელი გოლი ბელგიელმა ნახევარმცველმა, მარუან ფელაინიმ გაიტანა, რომელმაც სწორედ კერიკის გადაცემა გამოიყენა.
"მან რამდენიმე მატჩი ითამაშა, სადაც გავლენა მოახდინა. მარუანს აქვს გოლები და ასევე საგოლე გადაცემები. ჩვენ კი ახლა ნახევარდაცვაში სწორედ ასეთი ფორმით ვთამაშობთ და ეს კარგია."