"იუნაიტედის" ბოსს, ლუი ვან გაალს, ზაფხულში მსოფლიო კლასის ნახევარმცველის შეძენა სურს და სამიზნეთა სიაში პოლ პოგბა მას უკვე დიდი ხანია ჰყავს. ვინაიდან კევინ სტროტმანი "რომას" დატოვებას ჯერ არ აპირებს, "მანჩესტერელები" მილიონების დაბანდებას პოგბაში აპირებდნენ, თუმცა ფრანგი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებით დაინტერესებული არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "წითლები" ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ. Dailystar ირწმუნება, რომ პოგბა "იუვენტუსში" ბედნიერია და კლუბის დატოვება რომც მოუწიოს, მას "იუნაიტედზე" ბევრად უკეთესი ვარიანტები აქვს.
ფეხბურთელი ინგლისელებმა 3 მილიონად გაყიდეს და ახლა მისი ღირებულება 80 მილიონი ფუნტია. ვან გაალს ხელმძღვანელობა საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისთვის 150 მილიონ ფუნტს ჰპირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ლუის სხვა ნახევარმცველის პოვნა მოუწევს. "იუნაიტედმა" ბოლო 18 თვეში მხოლოდ ნახევარმცველებში 107 მილიონი ფუნტი დახარჯა (მატა, ერერა, ფელაინი, ბლინდი), თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი მაინც აპირებს ცენტრის გაძლიერებას.
სტროტმანი და "სპორტინგის" ვარსკვლავი უილიამ კარვალიო ვან გაალის რადარზე რჩებიან, მაგრამ პოგბა უკვე აღარ. "იუვენტუსის" დატოვების შემთხვევაში, მის მომავალ კლუბად იტალიური პრერსა მადრიდის "რეალს" განიხილავს.
წყარო:
dailystar.co.uk