"ვესტ ჰემთან" კვირას გასამართი მატჩის წინ, "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ტრადიციულად პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც არა მარტო მომდევნო მატჩს, არამედ მიუნხენის ტრაგედიას და კიდევ სხვა თემებს შეეხო:
ლუი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ფეხბურთელებისთვის დღეს "ოლდ ტრაფორდის" ტერიტორიაზე მისვლა და მიუნხენის კატასტროფაში დაღუპულებისთვის პატივის მიგება?
დღეს მე წარმოვადგენ გუნდს და ჩემს ფეხბურთელებს. ამ დღეს დაიღუპნენ მოთამაშეები, რომლებიც თავის დროზე გულშემატკივარს გრანდიოზულ სიხარულს ჩუქნიდნენ. ვფიქრობ მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდნენ ისინი. სტადიონზე დღეს მღეროდნენ ერთ სიმღერას, რომლის სიტყვები მინდა წაგიკითოთ. ბოლო სიტყვები: "თქვენ - ხართ ძალა, რომელიც შთააგონებს მათ, ვინც ახლა ცოცხლობს" - ეს მეხება მე, ჩემს გუნდს, შესაძლოა თქვენც, ჟურნალისტებს. თქვენც თამაშობთ რაღაც როლს. "ჩვენ ვეძებთ ტალანტს, სისწრაფეს და სულს, რათა ვითამაშოთ როგორც "იუნაიტედმა". მე ბედნიერი ვარ, რადგან მოვისმინე ეს სიტყვები. ვფიქრობ ჩვენ სწორად მოვიქეცით, როდესაც მივედით და პატივი მივაგეთ გარდაცვლილებს.
გახდება დღევანდელი დღე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, რომელიც შეგახსენებთ, რომ თქვენ უნდა დაუბრუნოთ ამ გუნდს დიდება?
დიახ, ვფიქრობ დღევანდელმა დღემ ყველა იქ მყოფზე დიდი გავლენა მოახდინა, მათ შორის ჩემზეც. უკვე 57 წელი გავიდა, მაგრამ გულშემატკივარს კვლავ ახსოვს და სტკივა ეს ტრაგედია.
არ მინდა გაგიფუჭოთ განწყობა ან გაგანაწყენოთ, მაგრამ... კითხვა: როგორი რეაქცია გაქვთ FA-ს ბრალდებაზე?
მე არ ვბრაზობ, გაოგნებული ვარ. 30 წელია, რაც მწვრთნელის ამპლუა მაქვს მორგებული და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ახლაც არ ვფიქრობ, რომ რამე ცუდი ვთქვი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე, რომ ყველაფერი აუტსაიდერის სასარგებლოდ იყო, რაც სრულიად არ გამკვირვებია. ამაზე თქვენ, ჟურნალისტებიც, დამეთანხმეთ. ამაზე ყურადღება მატჩის დაწყებამდეც გავამახვილე და შეხვედრის დასრულების შემდეგ, უბრალოდ ჩემი სიტყვები გავიმეორე. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უნდა დამაჯარიმოს, თუმცა კი ბატონო, რაც საჭიროა ის გააკეთონ.
ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გააპროტესტებთ?
რა თქმა უნდა, მე გავაპროტესტებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფერი ცუდი არ მითქვამს. თქვენ, პრესა, უნდა დამეთანხმოთ, რომ მე არასდროს არ ვაკრიტიკებ არბიტრებს, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მათ.
თქვენი წინამორბედი "იუნაიტედის" მწვრთნელი [ლაპარაკია სერ ალექს ფერგიუსონზე] ფიქრობდა, რომ FA განსხვავებულად არის განწყობილი "იუნაიტედის" მიმართ. ეთანხმებით მას?
ეს რომ მე ვთქვა, ალბათ სამართლიანად დამაჯარიმებენ, ამიტომ ჩუმად ვარ (იცინის).
ლუი, "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გავიდა თასის გათამაშებაში, ჩემპიონატში კი მესამე ადგილზე დაბრუნდით. არ დადგა დრო, რომ გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენოს?
დიახ. "ლესტერთან" მატჩის წინ მე ვთქვი, რომ ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მატჩში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. "მელიებთან" გამარჯვების შემდეგ, მესამე ადგილზე აღვზევდით, "კემბრიჯის" დამარცხებით კი შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს ყველა მოთამაშემ იცის, თუმცა ეს არცთუ ისე ადვილია. კვირას საგარეო მატჩი გველოდება "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, ჩვენ გვახსოვს თუ როგორ გაგვიჭირდა მათი დამარცხება "ოლდ ტრაფორდზე". ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლონდონში იოლი გასეირნება არ გველოდება, თუმცა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
ლუი, კმაყოფილი ხართ გუნდის შედეგებით?
კმაყოფილი, მხოლოდ სეზონის ბოლოს შეიძლება ვიყო. მესამე ადგილი პრემიერ ლიგაში და წარმატება თასზე - ეს ყველაფერი არ ითვლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპროგრესირებთ. სეზონამდე შემეძლო დარწმუნებით მეთქვა, რომ მესამე ადგილზე ვიქნებოდით, თუმცა კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. "ტოტენჰემი", "არსენალი" და "საუთჰემტონი" ძალიან ცოტათი ჩამოგვრჩებიან. პრემიერ ლიგაში 15 შეხვედრა გვაქვს გასამართი, თასზე კი ფინალში გასასვლელად 3 მეტოქის დამარცხება გვჭირდება, ეს არის ჩვენი მიზანი. დაველოდოთ და ვნახოთ, მივაღწევთ თუ არა საწადელს.
თქვენ სიმღერიდან სიტყვების ციტირება მოახდინეთ, სადაც იყო ნათქვამი:"ვითამაშოთ, როგორც "იუნაიტედმა". გულშემატკივარს ყოველთვის ეს სურს. ფიქრობთ, რომ თქვენი არჩეული ტაქტიკით თამაშობთ, როგორც "იუნაიტედი"?
დიახ, მე ასე ვფიქრობ, რადგან საქმე იმაში არ არის, ვინგერებით ვითამაშებთ თუ მის გარეშე, 3 თუ 4 მცველით. ეს ეხება თამაშის სტილს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო უკეთ თამაში, თუკი ბურთის ფლობის სტატისტიკას შევხედავთ, თუმცა როგორც "კემბრიჯთან" და "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ განვაცხადე - ჩვენ ბევრჯერ დაუდევრად მოვიქეცით და დავკარგეთ ბურთი. სწორედ ამ ასპექტში გვჭირდება თამაშის გამოსწორება, რადგან ჩემი აზრით დაცვაც და თავდასხმაც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს. გატანილი ბურთებით პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს ვიკავებთ, ხოლო გაშვებულით - მესამეს, ამიტომ არც ისე ცუდები ვართ. კარგად გამოვიყურებით, თუმცა უკეთესიც შეგვიძლია.