კერიკი ერერასგან ბურთს იღებს. რას გადაწყვეტს მაიკლი? მისცემს გამამწვავებელ პასს უილსონს (1), მისცემს ფელაინის (2) თუ მაღალი პასით ბურთს ცარიელ ფლანგზე გადაიტანს, სადაც ვალენსიაა (3). პასუხებს ბოლოს გავიგებთ.
როგორც "ჰალ სიტისთან", მაგრამ რუნის გარეშე
3 დღის შუალედით "იუნაიტედმა" სახლში ორი შეხვედრა ჩაატარა. მოთამაშეების განლაგება, თამაშის გეგმა მსგავსი იყო, თუ არ ვიტყვით ერთნაირი, იმის გამოკლებით, რომ რუნის ნაცვლად 19 წლის უილსონმა ითამაშა.
სამკუთხა უცნაურ სქემაზე (მატა - ერერა - ფელაინი) არ შევჩერდებით. ყველაფერი წინა განხილვაზე უკვე ვთქვით. აღვნიშნოთ მხოლოდ ის, რომ მატა და ერერა ხანდახან პოზიციებს იცვლიდნენ ხოლო მე-60 წუთის შემდეგ ხუანმა თავისთვის კომფორტული "ათიანის" პოზიცია დაიჭირა, ანდერი კი მატას ადგილზე გადავიდა.
როგორც წინა შეხვედრაში, მარჯვენა ფლანგიდან შეტევა უფრო ხშირი იყო, ვიდრე მარცხნიდან.
მარცხნივ - "იუნაიტედის" შეტევის მიმართულება, მარჯვნივ - "სტოკ სიტის"
ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნება მატასა და ფელაინის თამაშს თუ დავაკვირდებით. ორივეს დავალება ფლანგებიდან შეტევის მხარდაჭერა და დაცვასთან შეგუებაა, თუ იანგი და ვალენსია წინ წასვლას გადაწყვეტენ. ფელაინი შეტევის მარჯვენა ფლანგზე მყარად დამკვიდრდა (სწორედ იქიდან გაიტანა გოლი), მაგრამ მატა მოედნის ცენტრისკენ იწევდა და ხანდახან ერერას ადგილზე აღმოჩნდებოდა, ხოლო ერერა სიამოვნებით გადადიოდა ფლანგზე (ერერამ საგოლე პასი ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების დროს გააკეთა).
ერერას აცილება
ბეგოვიჩის შეცდომის შემდეგ ჩვენი ბიჭები კარს სამი კაცით მივარდნენ. ვან პერსის განვითარებისთვის ორი ვარიანტი ჰქონდა - პასი უილსონს ან ერერას. თითქოსდა ჯეიმსისთვის გადაცემა უფრო სწორი იქნებოდა.
თუმცა მეორე რაკურსით შევხედოთ. ბურთი ვან პერსიმ მარცხენა ფეხით მიიღო და სწორედ მარცხენათი გადასცა ერერას. მარცხენა ფეხით უილსონისთვის ასეთ ვითარებაში გაკეთებული პასი გაცილებით რთული დავალებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ მცველი იდგა. ამიტომაც რობინმა უბრალო და სწრაფი გადაწყვეტილება აირჩია. ერერა რა თქმა უნდა ვალდებული იყო გოლი გაეტანა.
ფელაინის გოლი
"იუნაიტედმა" ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა ერერას გადაცემის შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ერერა თავისთვის ჩვეულ მანერაში იხსნება და მასთან "სტოკის" ფეხბურთელია.
თუმცა, რატომღაც "მეთუნეების" ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მარუანი მისი საქმე არ არის. ამას ჰქვია "დაცვაში არ იმუშავა".
ფელაინიმ კი ერერას გადაცემა შესანიშნავად გამოიყენა.
"სტოკ სიტის" გოლი
უნდა აღინიშნოს, რომ "იუნაიტედი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მყარად იჭერდა წყობას. თუ რომელიმე ფეხბურთელი ზონას ტოვებდა, მას აუცილებლად აზღვევდა პარტნიორი. ერთადერთი შემთხვევა, როცა ზონა უპასუხისმგებლოდ მიატოვეს გოლის ეპიზოდი იყო.
ეპიზოდში კრკიჩი კარისკენ მიიწევს, მას ერერა მისდევს და სმოლინგი ხვდება. ეს სრულიად საკმარისია ბოიანის გასაჩერებლად, მაგრამ დასახმარებლად მოდის კერიკიც, რომელმაც ხაზებს შორის დიდი სივრცე შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ ფელაინი ამ ეპიზოდში თამაშს ვერ ახერხებს, კერიკმა დიდი შეცდომა დაუშვა.
საბოლოოდ სმოლინგი "სტოკის" შემტევს უმკლავდება, მაგრამ ბურთი საყრდენ ზონაში მისდის მარტო დარჩენილ ნ'ზონზის. ამ უკანასკნელს კი სიტუაციის შესაფასებლად და ბურთის დასარტყმელად საკმარისი დრო ჰქონდა, თითქოს ვარჯიშზეაო.
ეს გოლი მთლიანად და ცალ-ცალკე კერიკის პოზიციური შეცდომის ბრალია. ერერა და სმოლინგი საკმარისი ძალაა იმისთვის, რომ "სტოკის" შემტევს გაუმკლავდეს, ამასთან ერთად უკან მყოფ როხოს საჭირო შემთხვევაში დახმარების გაწევა შეეძლო.
ბოლო წუთების ხანძარი
დამატებულ 4 წუთში "სტოკს" ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება.
პირველი ეპიზოდი ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ მოხდა. სწორედ ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო: ჯარიმა იანგმა აიღო, როცა "სტოკ სიტის" გარღვევას აჩერებდა, თუმცა ამ ჩავარდნის მიზეზი ფლეთჩერის სუსტი თამაში გამოდგა., რომელსაც არნაუტოვიჩმა უპრობლემოდ აუარა გვერდი, ამის შემდეგ იანგს სიტუაციის გამოსწორება მოუხდა.
დარენი მეორე მატჩში შემოდის შეცვლაზე და საშინლად გამოიყურება. ღირს კი ასე გარისკვა? ფლეთჩერი საჭირო სიმშვიდეს თამაშს საერთოდ ვერ სძენს.
დავუბრუნდეთ ჩაწოდებას. რიგითი ეპიზოდი: ფელაინი ისევ წინ უშვებს ფეხბურთელს, როგორც ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ ჩაწოდებაზე ხდება. კერიკმა თავისი მოთამაშე გაუშვა და ხელით დაჭერას ცდილობს, მაგრამ ბრძოლას აგებს (უფრო დაბალი გადაცემა უბედურების მაუწყებელი იქნებოდა). აი როხო კი თითქოს შესანიშნავად აკონტროლებს სიტუაციას და უპირატესობა აქვს.
მაგრამ დიუფმა როხოს ზურგს უკან ბურთზე თამაში მოასწრო. საბედნიეროდ, "იუნაიტედის" კარში დე ხეა დგას.
ერთ წუთში "იუნაიტედის" კართან მხიარულება გაგრძელდა.
ფლანგიდან ჩაწოდება მოხდა, ბურთზე პირველი კრის სმოლინგი იყო, მაგრამ მას "სტოკ სიტის" ორი ფეხბურთელი უტევს. ასეთ სიტუაციაში მსაჯებს მშვიდად შეუძლიათ დასტვენა. მაგრამ შეხვედრის არბიტრი პასიური იყო, ხოლო ბურთი ფლანგზე გადადის, სადაც თამაშში ახლად შესულმა იანუზაიმ თავისი ფეხბურთელი მიატოვა და ფეხბურთს გვერდიდან ადევნებს თვალს.
დავიდ დე ხეას კიდევ ერთი სეივის შემდეგ ბურთი დიუფს მიუვიდა, მან კი 2-3 მეტრიდან ცარიელი კარი დაცხრილა. თუმცა იანგი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, გოლის ფიქსაციის ელექტრონულმა სისტემამ კი ზედიზედ მეორე მატჩში იმოქმედა "იუნაიტედის" სასარგებლოდ.
პლატინის კრიტიკის მიზეზი, რომელიც ნამდვილად მუშა სისტემის, «Hawk Eye»-ს ნაცვლად კარის უკან მდგომ მსაჯებს იყენებს ევროპულ მატჩებში უფრო მეტია.
წარუმატებელი ცვლილებები
მოხდა ისე, რომ შეცვლაზე შესული თითოეული ფეხბურთელი ასე თუ ისე ქაოსში დამნაშავეა.
ფალკაომ 91-ე წუთზე ბურთი დაკარგა, რის შემდეგ ფლეთჩერმა არნაუტოვიჩი გაუშვა, იანგს კი შეცდომის გამოსასწორებლად ჯარიმის აღება მოუხდა. იანუზაიმ თავისი ფეხბურთელი დატოვა და მას რამდენიმე მეტრიდან დარტყმის საშუალება მისცა. მწვრთნელი აშკარად ფრთხილად უნდა მოეკიდოს შეცვლებს.