წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუ მზადაა სათამაშოდ, თუმცა 90 წუთს სრულად ვერ ითამაშებს. ანდერ ერერა და რაფაელიც მზად არიან, მაგრამ ტრავმირებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, რადგან დაზიანება იანგმა და ჯონსმაც მიიღეს.
"როცა შესვენებაზე გავედით 10 ტრავმირებული გვყავდა, ახლა მხოლოდ ერთით ნაკლები გვყავს. ლუკ შოუ გუნდს დაუბრუნდა და სათამაშოდ მზადაა, თუმცა არა მთელი მატჩის. მარუან ფელაინის ერთ თვეზე მეტი დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად და ფილ ჯონსიც სამიდან ოთხ კვირამდე გამოტოვებს.
"მაიკლ კერიკი ჯერ კიდევ არ არის მზად, მაგრამ გარბენებს უკვე აკეთებს, რაც დაუჯერებელია იმის ფონზე, რომ მხოლოდ 8 კვირა გავიდა. სემ ჯონსტონს კოჭის პრობლემა აქვს, ვერც კრის სმოლინგი დაგვეხმარება, მაგრამ ხვალიდანვე ივარჯიშებს რეზერვებში. ვერ ითამაშებენ ასევე ჯეიმს უილსონი, რის ჯეიმსი, ჯესი ლინგარდი და ეშლი იანგი."
ვან გაალმა ასევე განაცხადა, რომ ის მაღალ მიზნებს ისახავს.
"კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას სეზონის მიზნები განვიხილეთ. ვფიქრობ, ისეთი კლუბი, როგორიც "იუნატედია" გარკვეული მიზნისკენ უნდა ისწრაფვოდეს. მეც მაქვს მიზანი და არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო სამეულში მოხვედრა გაუმართლებელი მოლოდინია. უნდა გვესმოდეს რისკენ ვისწრაფვით და ლოგიკურად მიმაჩნია პირველი სამეულის შესახებ ფიქრი, რადგან "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სურს."
ბოსმა დაწვრილებითი პასუხი გასცა დეილი ბლინდის შესახებ დასმულ კითხვას და ხაზი გაუსვმა იმას, რომ დეილი ძვირფასი შენაძენია. "დეილი - არის მოთამაშე, რომელსაც სიტუაციის წარმართვა შეუძლია. იგი მუდამ მზადაა თავისუფალ პარტნიორს პასი გადააწოდოს, ხოლო როცა ბურთს ვერ ფლობს ყოველთვის ხედავს სად უკეთესია მოწინააღმდეგის პრესინგი. ეს უნიკალური უნარია."
"მომწონს როგორც მოქმედებს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ მას ასევე ცენტრალურ ან ფლანგის მცველად შეუძლია თამაში. მას შეუძლია მთელი 90 წუთის განმავლობაში ირბინოს და მაინც მწყობრში იყოს. ეს მისი კიდევ ერთი უპირატესობაა."
ტკბილი სიტყვების გარეშე არ დარჩენილა რადამელ ფალკაოც: "ეს არის მოთამაშე, რომლითაც მუდმივად ვოცდებოდი. ის ჯერ კიდევ მაშინ მომეწონა, როცა "ატლეტიკოში" თამაშობდა, მაშინ ვნახე როგორ გაიტანა ფინალში. ამის შემდეგ იგი ჰოლანდიისა და კოლუმბიის ნაკრებების დაპირისპირებაში ვნახე და მაშინაც მომხიბლა. მე ვიცნობ მას და მის სტატისტიკას, რომელიც უბრალოდ გასაოცარია. ბედნიერი ვარ, რომ სატრანსფერო ბაზარზე ასეთი მოთამაშე გადმოვიბირეთ."