სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესთ ჰემთან" მატჩის შემდეგ ძმებ დე სილვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაფაელიც და ფაბიოც, კლუბში მოსვლის დღიდან ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ რაფაელმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა და დაშვებული შეცდომები ძირითად შემადგენლობაში ადგილის მყარად დაკავებით შეცვალა. "რაფაელი გუნდში 18 წლის ასაკში მოვიდა და თავიდან, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. ის ძალიან წინდაუხედავი იყო, მაგრამ ჩვენ მისი ხასიათი შევცვალეთ, მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ. ახლა ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია." რაფაელზე კომენტარი ჯონი ევანსმაც გააკეთა: "რაფაელი ყოველ სეზონში იჩენს თავს. მას საკმაოდ ხშირად უწევს თამაში, რადგან მას ამ პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს. როცა ფაბიო გუნდიდან წავიდა, ყველამ იფიქრა, რომ რაფაელისთვის ეს დიდი დარტყმა იქნებოდა, მაგრამ მას თავი არ დაუხრია და თავის თავზე მუშაობა გააგრძელა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია." - დაასრულა ევანსმა. ცნობისთვის, რაფაელმა "იუნაიტედის" მიერ წელს ჩატარებული 21 შეხვედრიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა.