ჟოზე მოურინიო და ენტონი მარსიალი მოხარულები არიან ატმოსფეროთი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" დღეს ევროპა ლიგის მატჩში "სენტ-ეტიენთან" დაპირისპირებისას ელოდება.
"სტად ჟოფრი-გიშარი" 42 ათას გულშემატკივარს იტევს და ეს სტადიონი ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ატმოსფეროთი, რომელსაც "ლეს ვერტსის" ფანები ქმნიან.
ნებისმიერი გულშემატკივარი, რომელიც ხუთშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას დაესწრო, აღიარებს, რომ "მწვანეები" რამდენიმე ათასი გულშემატკივრის ფონზეც კი ხმაურიანები იყვნენ.
მოურინიომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "კაულდრონის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ამ გამოცდილების მიღებას, თუმცა ამჯობინებს, რომ "სენტ-ეტიენის" გულშემატკივრებმა კვამლის გამშვები ხელსაწყოები არ გამოიყენონ.
"აქ პორტუთი" ვითამაშე და ერთხელ "სენტ-ეტიენი" - "ლიონის" მატჩს დავესწარი, როცა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" დაპირისპირება გვიწევდა. ვიცი, რომ სტადიონი ახლა გაცილებით ლამაზია, მაგრამ ამ სტადიონს ვიცნობ, ატმოსფეროც ცნობილია და ვიცი, რომ საოცარ გარემოს დაგვახვედრებენ სათამაშოდ.
ყველას მოსწონს ეს, მაგრამ მე კვამლის სუნთქვა არ მომწონს, არც ფეხბურთელებს მოსწონთ კვამლის სუნთქვა. არა მგონია, მუსიე პრეზიდენტს UEFA-სთვის ჯარიმის სახით ფულის გადახდა მოსწონდეს.
ასე რომ, თუ შესაძლებელი იქნება, კვამლის გარეშე უკეთესი იქნებოდა, რადგან ატმოსფეროთი სიამოვნებას მივიღებდი, ჩემს ფეხბურთელებს ამით დატკბობა სურთ და იმედი მაქვს, ყველასთვის კარგი მატჩი იქნება", - განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
ენტონი მარსიალს "სენტ-ეტიენის" სტადიონზე "მონაკოს" ფეხბურთელის რანგში აქვს ნათამაშები და ფრანგს ჰკითხეს, თუ რას უნდა ელოდნენ მისი თანაგუნდელები. "დიდი, დიდებული ატმოსფეროა, შესაძლოა, საფრანგეთში ყველაზე დიდებული და ვიცი, რომ მათი გულშემატკივრები დიდ მოტივაციას მისცემენ. ჩვენ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და გოლი გავიტანოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედები მოვუკლათ", - უპასუხა ენტონიმ.