როგორც უკვე ცნობილი გახდა, მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას, ამჟამად უკვე ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი მეისონ მაუნტი დაიცავს.
"წითელი ეშმაკების" ნახევარმცველთა რიგებს ინგლისელი უკვე დაემატა, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური საკითხები და ოფიციალური წარდგენა კლუბის მხრიდან.
ვინ იქნება შემდეგი? სავარაუდოა, რომ "ბენფიკას" თავდამსხმელი გონსალო რამოსი ტენ ჰაგის შეგირდი გახდება, თავდამსხმელი ინგლისური გრანდის რადარზე აქტიურ რეჟიმში იმყოფება.
Correio da Manha ირწმუნება, რომ "წითელმა ეშმაკებმა" უკვე გაუკეთეს შეთავაზება პორტუგალიურ კლუბს რამოსის სანაცვლოდ, თუმცა "ბენფიკას" პრეზიდენტმა რუი კოსტამ უარყო პირველი წინადადება.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიელებს 50 მილიონი ევრო შესთავაზა, პლუს 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით რის გამოც უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ "ბენფიკას" თავდამსხმელის გაყიდვით უფრო შთამბეჭდავი თანხის გამომუშავება სურს. კლუბის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ინგლისური გიგანტი მზადაა რამოსისთვის 73 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთადაღებულ 47 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.