გერმანელმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეთაურის პოსტი დაიკავა, თავისი შეხედულებები გააზიარა ნახევარმცველ პოლ პოგბასთან დაკავშირებული კონტრაქტის თაობაზე არსებულ ვითარებაზე.
მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, რომელიც 2021/2022 წლების სეზონის ბოლოს იწურება. მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
"თუ მოთამაშეს არ სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში, მის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. "იუნაიტედი" ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც მილიონობით ადამიანი უჭერს მხარს მთელ მსოფლიოში.
არ არის საჭირო მოთამაშეების დარწმუნება, რომ ჩვენთვის ითამაშონ“, - ციტირებს Sky Sports-ი მწვრთნელის სიტყვებს.
პოგბა "წითელი ეშმაკების" ბანაკში 2016 წლის ზაფხულში დაბრუნდა. "მანკუნიელებმა" ფრანგი ტურინის "იუვენტუსიდან" 105 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიბრუნეს.