"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერთან თანამშრომლობის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამის შესახებ "მანკუნიანელების" პრესსამსახური იუწყება.
სპეციალისტის ახალი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" იანგარიშება 2024 წლის შუა რიცხვებამდე. ხელშეკრულება ასევე შეიცავს პუნქტს ერთი სეზონით ავტომატურად გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" 2018 წლის დეკემბრიდან უდგას სათავეში, ოლე გუნარმა ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლა.
გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, გუნდი გავიდა ევროპა ლიგის ფინალში, სადაც პენალტების სერიაში ესპანურ "ვილიარეალთან" დამარცხდა.