19-01-2019, 21:57
ნანახია: 2579,
კომენტარები: 14
სოლსკიაერი მატჩის შემდგომ
ნორვეგიელის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა რეკორდი დაამხო, მოიპოვა რა შვიდიდან შვიდივე გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას, როცა "ოლდ ტრაფორდზე" "ბრაიტონი" დაამარცხა 2-1.
დიდებულად ვითამაშეთ
"ო, დიახ, მოხარულები ვიყავით, რომ საფინალო სასტვენის ხმა გავიგონეთ, მაგრამ ნამდვილად, ნამდვილად არ იყო კომფორტული მდგომარეობა, თუმცა დიდებულად ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე მომენტი შევქმენით და მატჩი უნდა მოგვეკლა. ნებისმიერ თამაშში გექმნება პრობლემა და გამოწვევა, "ბრაიტონმა" კი სხვა გუნდებზე უფრო მეტად ქმნის, რადგან ისინი სტაბილურები და მედგრები არიან. მათი გატეხვა ძალიან რთულია და კარგი მცველები, კარგი ნახევარმცველები ჰყავთ და, რა თქმა უნდა, როცა საჯარიმოში აწვდიან, თავი უნდა დაიცვა. მაგრამ ზოგჯერ შესანიშნავად ვთამაშობდით."
რეშფორდს თავდაჯერებულობა მოემატა
"მისი გოლი ცუდი არ იყო, არა? თავისი 150-ე მატჩში ჩაატარა და 21 წლის ასაკში ეს კარგი შედეგია. ამჟამად მისი თამაშის დონე, მომენტების დასრულების უნარი, შრომისმოყვარეობა, უბრალოდ საოცნებოს ხდის მისნაირი ფეხბურთელის გუნდში ყოლას. თავდაჯერებულია, იმისათვის კი, როგორც ის თამაშობს, თავდაჯერებულობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, ბოლო ექვს თუ შვიდ კვირაში ბევრი მატჩი ჩაატარა. ბოლო რამდენიმე კვირაში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა თავდაჯერებულობამ მოიმატა, თამაშიც დახვეწა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობა არასდროს ნელდება და ეს ყველაზე მეტად სასიამოვნოა."
უკეთესი თამაშის მაყურებლები უნდა ვყოფილიყავით
"რა თქმა უნდა, ბრწყინვალე დამოკიდებულებაა. მაგრამ მერჩივნა, რომ უკეთესად გვეთამაშა, ბურთი უფრო კარგად დაგვეჭირა და ისინი უბურთოთ უფრო ხშირად დაგვეტოვებინა. ვფიქრობ, ძალიან ადვილად ვთმობდით ბურთს, ზოგჯერ არაჯანსაღად გამოვიყურებოდით, რადგან თითქოს ფეხი გვიცდებოდა. შესაძლოა, ზოგჯერ ყველაფერი მარტივად გამოიყურებოდა და 3-0 უფრო სასიამოვნო ანგარიში იქნებოდა, მაგრამ 2-0 ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავდაცვისას ჩვენი სქემა უკეთ უნდა დავამუშაოთ. მატჩის მიწურულს, როგორც დღეს, კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში. დაძაბულად ვიყავით, მაგრამ 2-1 ვიგებდით და საჯარიმოდან მაქსიმალურად შორს უნდა დაგვეტოვებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ ზოგჯერ გვიჭირდა, თუმცა საერთო ჯამში შესანიშნავად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში დასაწყისში 2-3 გოლის გატანაც შეგვეძლო."
"წითლების" ვარჯიშებს ნაყოფი მოაქვს
"თუ ასეთ მუხტს შევინარჩუნებთ, ჩვენი ვარჯიშები ნაყოფს გამოიღებს და ბევრ ქულას დავაგროვებთ, რაც, იმედი მაქვს, სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლაში დაგვეხმარება. სერ ალექს ფერგიუსონი ქულათა ჩამორჩენას ჩვენი მოტივაციისთვის იყენებდა ხოლმე. რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ 10 მატჩის მოგება? სანამ ყოველი მატჩისთვის შესაბამისად ემზადები, ყველას მოგება შეიძლება. მაგრამ მაინც გვაქვს რამდენიმე რამ გასაუმჯობესებელი. უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ ასეთი სათამაშო ფორმითა და მუხტით. ახლა უკვე შვიდმატჩიანი მოგებათა სერია გვაქვს და ეს თავდაჯერებულობას ქმნის."
რეკორდები არ მაღელვებს
"რა თქმა უნდა, სერ მეტ ბასბის რეკორდის დამხობა საამაყოა, მაგრამ ამით ფეხბურთელებმაც უნდა იამაყონ, რადგან ეს მუხტს ქმნის და მორიგი გამარჯვებაა. შესაძლოა, 10, 15 ან 20 წლის შემდეგ ეს ამბავი გავიხსენო, მაგრამ საერთო ჯამში რეკორდი არ მაღელვებს. ასეთი საკითხები არასდროს აღძრავდა ჩემს ინტერესს. რა თქმა უნდა, გამარჯვებული გუნდის ნაწილი როცა ხარ, დიდებულია და ეს გასახდელში რწმენას ზრდის. სწორედ ამ გუნდური სულისკვეთების წყალობით გადავურჩით დღეს ქულების დაკარგვას და დავიდსაც კი არ ჰქონია ბევრი სეივი გასაკეთებელი, თუმცა მატჩის მიწურულს რამდენიმე სახიფათო მომენტი იყო."
"არსენალი" დიდებული გამოწვევაა
"რა თქმა უნდა, რთული წლები გამოვიარეთ და ამჯერად მეხუთე ადგილზე ვართ. არ ვიცი, როგორ თამაშობს ახლა "არსენალი" "ჩელსის" წინააღმდეგ, ასე რომ, შეიძლება მეექვსეზეც გადავიდეთ! ეს მორიგი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენს კლუბს ვუსახავთ მიზნად, მაგრამ ახლა ინგლისის თასზე "არსენალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ, რადგან რთული მეტოქე და დიდი გამოწვევაა. როცა თქვენთან ინტერვიუს მოვრჩებით, მეორე ტაიმს ჩავუჯდები!"
ალექსისი ითამაშებს "არსენალის" წინააღმდეგ?
"ალექსისი 100 პროცენტით მზად არ არის. მცირე ხანი უქმობდა, მაგრამ ინგლისის თასზე განაცხადში იქნება."