თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 15:35
ავტორი: Billy,
ნანახია: 3178,
კომენტარები: 11
შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?
ექსპერტები აფასებენ - ვინ არის ,,მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო მეკარე.
შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?
,,ოცნებათა თეატრს" არაერთი დიდებული მეკარე ახსოვს: აქ უთამაშია "მიუნხენის გმირად" წოდებულ ჰარი გრეგს, რომელმაც 1958 წლის ავიაკატასტროფის დროს თანაგუნდელების სიცოცხლე იხსნა, რამდენიმე თვეში კი შვედეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა; იუნაიტედის კარს იცავდა ალექს სტეპნი, რომელსაც მეტ ბასბიმ 1966-67 წლების ჩემპიონობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა, ხოლო შემდეგ წელს ევროპის ტრიუმფატორი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო; თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ეპოქა ,,იუნაიტედის" მდიდარ ისტორიაში ბოლო სამი ათწლეულია - სამი დიდებული მეკარით. რთულია მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა. Manchester evening news-ის საფეხბურთო მიმომხილველები - კირან კელი, ტაისონ მარშალი, შარლოტ დანკერი, დენ ო'ტული, დენიელ მერფი და ლაიემ კორლესი შეეცდებიან აირჩიონ საკუთარი რჩეული და ამ არჩევანის მიზეზები ახსნან.

კირან კელი

მახსოვს, გასულ წელს ამის შესახებ ედვინ ვან დერ სარს ვკითხე და მან თქვა, რომ დავიდ დე ხეასთვის შემდეგი ნაბიჯი მეტი ტიტულის მოგებაა. და მართლაც - ნამდვილი სირცხვილი იქნება, თუ ესპანელი მეტად ვეღარ მოიგებს პრემიერ ლიგას და ვერასდროს აწევს ჩემპიონთა ლიგის თასს ,,იუნაიტედთან'' ერთად.

ჩემთვის, რაც დე ხეას ასეთ განსაკუთრებულს ხდის, არის ის გზა, რაც მან გამოიარა 2011 წლის შეგუების პერიოდიდან მოყოლებული და მოახერხა თავი საუკეთესო მეკარედ დაემკვიდრებინა იმის მიუხედავად, თუ როგორი დაულაგებელი დაცვა დგას მის წინ.

,,იუნაიტედში'' არსებული აურზაურის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ - დე ხეამ იმუშავა მეკარეების ხუთ განსხვავებულ მწვრთნელთან ერთად - ერიკ სტილთან, კრის ვუდსთან, ფრანს ჰოუკთან, სილვინო ლოუროსთან და ემილიო ალვარესთან და ის მუდმივად ახერხებდა ყოფილიყო საკუთარი გუნდის მაშველი.

დე ხეას წინ ჯერ კიდევ ათწლეულზე მეტი აქვს, რომ იყოს მწვერვალზე, ასე რომ მე მას უპირობოდ ვხედავ იუნაიტედის ყველა დროის უდიადეს პირველ ნომრად.

ვერდიქტი: დე ხეა

შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?

ტაისონ მარშალი

ჩემთვის ეს პიტერ შმეიხელია. მან თითქოს რევოლუცია მოახდინა მეკარეობაში ინგლისში, როდესაც მოვიდა ,,იუნაიტედში'' და მისი სეივები სამუდამოდ დატოვა პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ.

ის საშიში იარაღი იყო, განსაკუთრებით სერ ალექს ფერგიუსონის ,,იუნაიტედში''. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მეტოქის თავდამსხმელები მეკარესთან ერთი ერთზე ახერხებდნენ გასვლას, ისინი იქ დანიელს ეჩეხებოდნენ, რომელიც ნამდვილი ოსტატი იყო ასეთი მდგომარეობების, თავისი უზარმაზარი კორპუსით ის უბრალოდ აშინებდა მოწინააღმდეგის შემტევებს.

მის მიერ მოპოვებული პრემიერ ლიგის ხუთი, ინგლისის თასის სამი და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული, ასევე მის სასახელოდ მეტყველებენ. დე ხეას აქვს დრო, რომ მიუახლოვდეს შმეიხელს, თუმცა დანიელი ამ მომენტისათვის, ალბათ, საუკეთესო მეკარედ რჩება პრემიერ ლიგის ისტორიაში.

ვერდიქტი: შმეიხელი

შმეიხელი, დე ხეა თუ ვან დერ სარი?

შარლოტ დანკერი

სამი უმაღლესი დონის მეკარე, თუმცა მათგან ერთის ამორჩევა ძნელია, როდესაც მათ ძლიერი მხარეები სხვადასხვა ასპექტში ჰქონდათ. შმეიხელმაც და ვან დერ სარმაც მოიგეს ჩემპიონთა ლიგის ტიტული ამ კლუბში ყოფნის პერიოდში, რაც მათ უფრო წარმატებულს ხდის, თუმცა ნიშნავს კი ეს, რომ ისინი უკეთესები იყვნენ?

დე ხეას კარის სუფთად შენახვის მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვს, ვიდრე წინამორბედებს - 37.5%, მაშინ, როდესაც შმეიხელს 44.4%, ხოლო ვან დერ სარს 48.4% ჰქონდათ, თუმცა უდიდესი განსხვავება ის არის, რომ ორივე მათგანს წინ მსოფლიო დონის მცველები ედგნენ.

შმეიხელი ჩემთვის პირველ ადგილთან ახლოს მყოფი მეორე ადგილოსანია ამ კამათში, თუმცა დე ხეა უმაღლეს პოზიციას იკავებს თამაშების იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რაც მან ,,იუნაიტედისთვის'' გადაარჩინა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ბოლო ხუთ სეზონში მან ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მხოლოდ ერთხელ დათმო.

ვერდიქტი: დე ხეა

დენ ო'ტული

მხოლოდ უნარების გათვალისწინებით, მე დე ხეას ავირჩევდი, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ესპანელი კლუბის ყველაზე ღირებულ აქტივად მიიჩნეოდა - სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, მეტად თუ ნაკლებად, - მას უთანასწოროდ ხშირად ეძლეოდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინების საშუალება.

სოლიდური დაცვის არსებობა მათ წინ ნიშნავდა იმას, რომ შმეიხელსა და ვან დერ სარს იშვიათად ჰქონდათ მსგავსი ფუფუნება, მაგრამ დანიელი ,,იუნაიტედის'' 90-იანების წარმატების მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩებოდა, ის იყო ფიგურა, როგორებიც მეკარეები იშვიათად არიან.

ხშირად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ დე ხეას გარეშე ,,იუნაიტედის'' ბოლო 6 წელიწადი კიდევ უფრო შავ-ბნელი იქნებოდა, მაგრამ მოთამაშეები, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ფასდებიან მოგებული ტიტულებით, ასე რომ, ჩემთვის, შმეიხელი ,,იუნაიტედის'' ისტორიაში საუკეთესო მეკარეა.

ვერდიქტი: შმეიხელი

დენიელ მერფი

მიუხედავად იმისა, რომ ვან დერ სარიც და დე ხეაც დიდებული მეკარები არიან, არცერთი მათგანია ისეთი რევოლუციური, როგორიც შმეიხელი. დიდი დანიელი მოვიდა მანჩესტერში და გახდა არა მხოლოდ დარტყმების საუცხოო შემჩერებელი, არამედ მან შეცვალა გზა, რომლითაც მანამდე ,,იუნაიტედი'' და მეკარეები თამაშობდნენ.

მან ინგლისში მოიტანა თავისი მეკარეობის უნიკალური სტილი, რომელიც მან მაშინ შეისწავლა, როდესაც თამაშობდა ხელბურთს და გახდა პიონერი ე.წ. "ვარსკვლავისებური ნახტომის" (star jump) და ორმაგი სეივის. ის, აგრეთვე, იყო პირველი მეკარე, რომელიც თამაშის ბოლო წუთებზე კუთხურებზე მეტოქის საჯარიმოში ჩადიოდა და გახდა პირველი მეკარე, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში. აღარაფერს ვამბობ მის ზუსტ, გრძელ ხელით გაკეთებულ პასებზე, რომელიც ზუსტად ერგებოდა მანჩესტერის კონტრშემტევ სტილს.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - მას შეეძლო ისეთი დარტყმების აღება, რომ თქვენ განცვიფრებული დარჩებოდით - როგორ მოხდა და ბურთი ბადეში არ გაეხვა. შმეიხელი პრემიერ ლიგაში პირველი მსოფლიო დონის მოთამაშე იყო.

ვერდიქტი: შმეიხელი


ლაიემ კორლესი

სამივე მათგანი გასაოცარი მეკარეა, თუმცა შმეიხელი და დე ხეა ვან დერ სარზე მაღლა დგანან.

შმეიხელი ,,იუნატედში'' კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში თამაშობდა და დაცული იყო ბევრად უკეთესი ფეხბურთელებით, ვიდრე დე ხეა ბოლო ხუთ წელიწადში, შესაბამისად ეს ფაქტი ესპანელს უფრო მეტი საქმის წინაშე აყენებს, ვიდრე დანიელს უწევდა გამკლავებოდა.

შმეიხელი ფიზიკურად უფრო ძლიერი და უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე იყო, ვიდრე ,,იუნაიტედის'' დღევანდელი პირველი ნომერი და მას ჰქონდა სასწაულებრივი მომენტები, მათ შორის რენე ვაგნერის, ივან სამორანოსა და დენის ბერკამპის წინააღმდეგ, თუმცა დე ხეას რწმენის ჩამსახველი სეივები კიდევ უფრო დიდებული რამ არის.

ჩელსის წინააღმდეგ 2012-ში, ევერტონთან 2014-ში, საუთჰემპტონთან 2015-ში, ლივერპულთან და არსენალთან 2017-ში, სევილიასთან შარშან და სპურსთან წინა კვირას, დე ხეამ იუნაიტედის ქომაგი პირდაღებული დატოვა გაოცებისგან.

ის, ალბათ, ერთადერთი მეკარეა მსოფლიოში, რომელსაც საკუთარ კარს ანდობდი შემტევთან ერთი-ერთზე სიტუაციაში. ის ეჭვგარეშეა მსოფლიოში საუკეთესო და პირადად ჩემთვის, ,,იუნაიტედშიც'' ყველა დროის საუკეთესოა.

ვერდიქტი: დე ხეა

წყარო: M.E.N.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
23 იანვარი 2019 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
შენ საუკეთესო ხარ პეტრ! <3 N1 მერე დანარჩენი სხვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top