"წითლები" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ზაფხულში აპირებდნენ. ალექსის სანჩესი კი ერთადერთი ფეხბურთელია 2014 წლის შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" ზამთრის ტრანსფერებზე შეიძინა.
პრესკონფერენციაზე ბოსმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბევრს არაფერს გააკეთებს ზამთრის ტრანსფერებზე.
"არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეძენას შევძლებთ და თუკი ვინმეს შევიძენთ ალბათ მაქსიმუმ ერთ ფეხბურთელს."
მენეჯერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანსფერებზე "პრემიერ ლიგის" ტოპ ფეხბურთელების შეძენა უფრო და უფრო რთული ხდება.
"მაგალითად, "ტოტენჰემი". მთელი ჩემი პატივისცემა მათ, "ტოტენჰემი" საოცარი გუნდია, მაგრამ თუ მოისურვებთ მათი ფეხბურთელების ყიდვას პასუხად აუცილებლად არას მიიღებთ, რადგან ისინი უბრალოდ არ ყიდიან. მათ უკვე იმდენი ძალა აქვთ, რომ არას თქმა შეუძლიათ."
"ვინ იყო "ტოტენჰემის" საუკეთესო ფეხბურთელი რამდენიმე წლის წინ? მაიკლ კერიკი ("მანჩესტერში" 2006 წელს გადმოვიდა). მას შემდეგ ვინ ჰყავდათ? ბერბატოვი ("მანჩესტერში" 2008 წელს გადმოვიდა)."
"შევძლებთ ახლა ჰარი კეინის შეძენას? დელე ალის? კრისტიან ერიკსენის? მოგვყიდიან? შევძლებთ, მათ "ოლდ ტრაფორდზე" მოყვანას? პასუხი ისევ არის არა."
მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" მენეჯერი გახდა, ჟოზე მოურინიომ 11 ფეხბურთელი შეიძინა, "პრემიერ ლიგიდან" კი მხოლოდ სამი იყო - ლუკაკუ ("ევერტონი"), მატიჩი ("ჩელსი") და ალექსისი ("არსენალი"). პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ რადგანაც "პრემიერ ლიგის" კლუბები ფინანსურად მოძლიერდნენ, ისინი ფეხბურთელებს აღარ ყიდიან.
"ფეხბურთი იცვლება. უფრო და უფრო რთულია მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენა. კლუბები გაძლიერდნენ. მათ არ სურთ გაყიდვა."
"უფრო ადრეულ პერიოდში პატარა კლუბები დიდ გუნდებს, ფაქტობრივად, სთხოვდნენ ფეხბურთელების შეძენას: "წაიყვანეთ ჩემი საუკეთესო ფეხბურთელი, მჭირდება, რომ გავყიდო. თქვენ ისედაც ძლიერები ხართ, მაგრამ წაიყვანეთ ჩემი საუკეთესო ფეხბურთელი." ახლა კი მათ არ სურთ გაყიდვა."
"საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ უფრო და უფრო რთული ხდება კარგი ფეხბურთელების ყიდვა და გუნდის ასე გაძლიერება. რთულია, მაგრამ ჩვენ იმას ვაკეთებთ რაც შეგვიძლია,"-დაასრულა "წითლების" მენეჯერმა.