"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ცენტრ-ბექის, სოკრატის პაპასტატოპულოსის გაფორმებას ეცდება, რომლის შეძენის სურვილს ორი ლონდონური კლუბი "ჩელსი" და "არსენალიც" გამოხატავენ.
გერმანული Bild-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის კონკურენცია გაუწიოს "ჩელსის" და "არსენალს" სოკრატისისთვის ბრძოლაში. სამივე ინგლისური კლუბი აქტიურად ცდილობს ახალი სეზონისათვის დაცვის გაძლიერებას და სამივე კლუბი მზადაა სოკრატისის სანაცვლოდ £ 23.8 მილიონიანი შეთავაზება გააკეთონ. თავად სოკრატისიც კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა და კარიერის გაგრძელება ისეთ გუნდში სურს, რომელთანაც ერთად ტიტულებს მოიგებს.
გასული სეზონის უკანასკნელი შეხვედრის ჩატარების შემდეგ, 29 წლის მცველმა განაცხადა:"მე ახალგაზრდა აღარ ვარ, უკვე 29 წლის ვარ და დღითიდღე ჩემი კარიერა დასასრულისაკენ მიდის, ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ტიტულების მოგებაა, რადგან მინდა კარიერა გამარჯვებულმა დავასრულო."
სოკრატისი "დორტმუნდს" 2013 წელს "ვერდერის ბრემენიდან" შეუერთდა, მისი კონტრაქტი "ყვითლებთან" 2019 წლამდეა გათვლილი. გასულ სეზონში პაპასტატოპულოსმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.