ადნან იანუზაი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემთხვევაში ინგლისის დატოვებას არ აპირებს.
"ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრებაში პრობლემის შექმნის შემდეგ იანუზაი ჟოზე მოურინიოს გუნდის გეგმებში აღარ შედის და შესაძლოა, იგი სეზონის ბოლოს "იუნაიტედმა" გაყიდოს.
ამჟამად კი ბელგიელი "სანდერლენდში" იჯარის წესით ასპარეზობს, მაგრამ ვერც იქ ახერხებს თავის გამოჩენას და "შავი კატების" რიგებში დარჩენას არ აპირებს, თუკი ისინი დაბალ დივიზიონში დაქვეითდებიან.
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი იჯარით აყვანილი ფეხბურთელი კი არა მარტო პრემიერ ლიგაში, არამედ ინგლისში დარჩენის სურვილსაც გამოთქვამს, რადგანაც მისი ოჯახი ნისლიან ალბიონზე თავს კარგად გრძნობს.
"წითელი ეშმაკების" ბანაკში კი სჯერათ, რომ იანუზაის გამოყენება სატრანსფერო გეგმებისთვის შეიძლება.
"იუნაიტედთან" გაკავშირებული წყარო იტყობინება: "იანუზაის ინგლისში დარჩენა სურს. როგორც მოსალოდნელია, კლუბს დატოვებს, ვინაიდან მოურინიოს მისი ხილვა აღარ სურს.
არც "სანდერლენდში" აქვს კარგი სეზონი. მის და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მომდევნო თვეში შედგება.
ახლობლებს უთხრა, რომ პრემიერ ლიგა მისი პირველი არჩევანია და აქ თავს კარგად გრძნობს".