"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერ ერერა ფიქრობს, რომ "ჩელსისთან" გამართული მატჩის მთავარი მსაჯი, ბობი მედლი სწორად მოიქცა, პირველ გოლამდე შემდგარ ეპიზოდში წესების დარღვევა რომ არ დააფიქსირა.
სანამ თავად გაიტანდა, ესპანელმა მარკუს რეშფორდს გაუკეთა საგოლე გადაცემა, რომლითაც ინგლისელმა თინეიჯერმა შეხვედრის მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი ერერამ საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
"ჩელსის" ფეხბურთელები ეპიზოდს აპროტესტებდნენ, რისი მიზეზიც ნემანია მატიჩის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ ერერასთვის ბურთის ხელზე მოხვედრა იქცა, მაგრამ თავად ბასკს მიაჩნია, რომ წესები არ დაურღვევია.
"ბურთთან ხელით შეხება არ მინდოდა. მე გავრობდი, ამიტომ ხელებსაც ვიქნევდი. არ ვიცი, ბურთი ხელზე შემეხო თუ არა, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ მქონია.
ფეხბურთში, როგორც მე ვიცი, თუ ბურთთან შეხებას განზრახ არ აპირებ და ხელებიც ბუნებრივ მდგომარეობაში გაქვს, ხელით თამაში არ ფიქსირდება".
ერერა მოხარულია "იუნაიტედის" თამაშით და მოპოვებული გამარჯვებით, რომელმაც გუნდი მეხუთე ადგილზე გადაიყვანა და "მანჩესტერ სიტისთან" ოთქულიანი ჩამორჩენა შეუნარჩუნა ერთით ნაკლები თამაშის ჩატარების ფონზე.
"თითქმის იდეალური იყო. ყოველთვის არსებობს რაღაც გასაუმჯობესებელი, მაგრამ დაცვაში იდეალურები ვიყავით. ისინი ტურნირის სათავეში არიან და ერთი მომენტიც კი არ შეუქმნიათ.
კონტრშეტევაზე ზიანს ვაყენებდით, ფეხბურთს ვთამაშობდით და მატჩს ვაკონტროლებდით, ბურთს კარგად ვატარებდით, ასე რომ, ძალიან ბედნიერები ვართ".
ერერამ პრემიერ ლიგაში 14-თვიანი უგოლო სერიის დასრულების შესახებ დაამატა: "დიდი ხანია გოლი არ გამიტანია - ყოველთვის რაღაც ხდებოდა, ძელი, მეკარის სეივი. ამჯერად კი გამიმართლა!
თუმცა, ჩვენ მათზე მეტი შანსი შევქმენით და გამარჯვებაც დავიმსახურეთ."