ჟოზე მოურინიომ დავიდ დე ხეას მოუწოდა, მის ირგვლივ გავრცელებული ჭორები გვერდზე გადადოს და მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმდინარე სეზონს მიაქციოს ყურადღება.
ესპანელ მეკარეს ერთი ნაბიჯი აშორებდა 2015/16 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" რიგებში გადასვლამდე, მაგრამ დოკუმენტების გადაგზავნის შეფერხების შედეგად დე ხეა მანჩესტერში დარჩა.
კეილორ ნავასის არც ისე კარგი თამაში "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრებს კვლავ აიძულებს ახალი კიპერის მოძებნას, მაგრამ მოურინიო აცხადებს, რომ დე ხეას გაშვება არსად სურს.
"ჭორები არ მაინტერესებს, ფეხბურთელს თუ აღელვებს, ჯობია, არც მას აინტერესებდეს.
ჩვენთვის ყველა მატჩი გადამწყვეტია. პრემიერ ლიგაში თუ წავაგებთ ერთ შეხვედრას, ოთხეულში მოხვედრა თითქმის შეუძლებელი ხდება. ევროპა ლიგაზე თუ წავაგებთ ერთ მატჩს, პრობლემები შეგვექმნება.
ყველა მატჩი სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. დავიდთან დაკავშირებით ამგვარ პრობლემას ვერ ვხედავ. სეზონის მიწურული არის დრო, როცა ფეხბურთელი ფიქრობს, რა მოხდება მის კარიერაში", - განაცხადა მოურინიომ.