აგენტმა მინო რაიოლამ არ ისურვა დაედასტურებინა, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლა გამორიცხულია.
35 წლის ფორვარდმა "პარი სენ-ჟერმენიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც შეთანხმების დამატებით 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ შვედი "იუნაიტედზე" წარმატებულად ასპარეზობს, ჯერ არ გაუხანგრძლოვებია შეთანხმება და რაიოლა არ გამორიცხავს, რომ ეს არც მოხდეს.
"არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვნახავთ, რა იქნება. ახლა მხოლოდ შემდეგი ტიტულის მოგებაზე ვფიქრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური თასია მისთვის, ჩემთვის და მოურინიოსთვისაც. ამიტომაც გულშემატკივრებს მეტი ტიტული უნდა მივცეთ", - განაცხადა საფეხბურთო აგენტმა.
რაიოლამ პრესას ამაზე მეტი ცნობა არ მიაწოდა და განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობებს მხოლოდ კლუბი და ფეხბურთელი განიხილავს.
"პრესასთან კონტრაქტის დეტალებზე არ ვსაუბრობ. ეს კლუბის, ჩემი და ფეხბურთელის საქმეა. ამას ასე უნდა მიუდგე და მხოლოდ სიამოვნება მიიღო, მერე კი ვნახავთ, რა მოხდება მომავალში".