პოლიცია იქნა გამოძახებული მანჩესტერის ერთ-ერთ ინდურ რესტორანში, სადაც მომხდარ ინციდენტში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა იღებდა მონაწილეობას.
The Sun-ი ამტკიცებს, რომ ფრანგი ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად შუაღამისას წავიდა რესტორანში, სადაც ორმა ახალგაზრდამ ამოიცნო და ავტოგრაფი სთხოვეს. პოლმა უარი განაცხადა და ბიჭებს სთხოვა, მისთვის მშვიდად ვახშმობის საშუალება მიეცათ, რაზეც აგრესიული ქცევით უპასუხეს.
ახალგაზრდები პოგბაზე თავდასხმას აპირებდნენ, მაგრამ პოლის მეგობრებმა და რესტორნის თანამშრომლებმა გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც ფეხბურთელს თეფში ესროლეს.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ისე ჩანდა, რომ დარტყმის გარეშე თავს ვერ დააღწევდა. ეს ბიჭები აფეთქდნენ, როცა პოლმა ავტოგრაფზე უარი უთხრა, თუმცა ცალკე კუთხეში იჯდა და ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია".
პოლიციის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ როცა დანაყოფი გამოძახების ადგილზე მივიდა, ინციდენტის ყველა მონაწილეს დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, ტელეფონი კი, რომლითაც მათი გამოძახება მოხდა, გამორთული აღმოჩნდა.