საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ემანუელ პეტი დარწმუნებულია, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდს ძლიერ უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას, "იუნაიტედის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კი აღნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე უმთავრესად ხარისხს მოძებნის.
პეტის მიაჩნია, რომ გრიზმანის კარიერის გაგრძელების სამომავლო არჩევანზე დიდ გავლენას იქონიებს პოლ პოგბა, რომელიც "იუანიტედის" ფეხბურთელია.
"ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა - ნამდვილად. ეროვნულ ნაკრებში პოგბასთან დიდებულ პარტნიორობას ამყარებს, გარდა ამისა, კარგი მეგობრებიც არიან. მასთან ერთად გუნდს გოლებს, საგოლე გადაცემებს და გამარჯვებულის მენტალიტეტს შესძენს.
გრიზმანი ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. ყოველ წელს მუდმივად ავითარებდა თავის დონეს და არა მარტო პირადი, არამედ გუნდური ამბიციაც აქვს.
ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდებული გარიგება იქნებოდა", - განაცხადა პეტიმ.