ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ლუკ შოუს აქვს ის უნარები და მონაცემები, რომელსაც მცველში აფასებს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს, სანამ თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.
შოუ საფრანგეთში გამგზავრებულ 20 ფეხბურთელთან ერთად არ იმყოფება და "სენტ-ეტიენთან" დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ოთხშაბათს გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კი მწვრთნელმა ახსნა, თუ რა გახდა ამის მიზეზი.
"მანჩესტერში იმიტომ დარჩა, რომ დეილი ბლინდით, მარკოს როხოთი და მატეო დარმიანით ვთამაშობ, რადგან ისეთი მცველები არიან, მე რომ მომწონს.
ლუკი უნდა დაელოდოს თავის შანსს და უფრო მეტი იშრომოს, რამეთუ იცის, რომ უფასოდ ვერაფერს მიიღებს. როცა ფეხბურთელს რამეს ვაძლევ, ეს ძვირად უჯდებათ - იაფად ვერასდროს მიიღებენ. ყოველდღე ბევრი უნდა იშრომონ, კარგად უნდა ითამაშონ, ასე რომ, მან უნდა მოიცადოს. ამჟამად კი ის სხვების ჩრდილში იმყოფება.
პოტენციურად მას ძალიან ბევრი რამ აქვს, რაც მომწონს, მაგრამ ერთია პოტენცია და სულ სხვაა მოედანზე შთაბეჭდილების მოხდება. მან უნდა იშრომოს, როგორც ამას მხითარიანი აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა მოურინიომ.