"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი დარწმუნებულია, რომ ინგლისის თასის მფლობელებს პრემიერ ლიგის ლიდერების დამარცხება შეუძლიათ.
"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხედფინალში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდებიან, რაც ცენტრალური შეხვედრა გამოდგება. მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ბოლო ვიზიტი "ჩელსისთან" გამანადგურებელი მარცხით, 4-0 დასრულდა.
"უკვე აქვთ ჩვენთან ერთი მატჩი მოგებული, ამიტომ იქ ნამდვილად გასამარჯვებლად ჩავალთ. ტურნირის ამ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი მეტოქე შეგვხვდებოდა. "ჩელსი" კარგ ფორმაში იმყოფება, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ და იქ მოსაგებად ჩავალთ."
"ჩელსისთან" დაპირისპირებამდე "იუნაიტედმა" გასვლითი მატჩი უკვე ჩაატარა "ივუდ პარკზე", სადაც "ბლექბერნს" 1-2 სძლია.
"ძალიან რთული თამაში იყო. თასებზე ყოველ წელს ხდება სენსაციები, რაც შაბათს ვიხილეთ, "ბლექბერნს" კი ერთ-ერთი ასეთი სენსაციის მოხდენა სურდა, მაგრამ ჩვენ საქმეს კარგად გავართვით თავი და გამარჯვება დავიმსახურეთ."
სწორედ მარკუსის გოლის წყალობით აღადგინა "იუნაიტედმა" წონასწორობა, როცა ჰენრიხ მხითარიანის დიდებული გადაცემით ისარგებლა. "ბრწყინვალე პასი იყო. ძალიან ბევრი ფეხბურთელი შეკრებილიყო მის ირგვლივ, მაგრამ თავის აწევა და ჩემი ჩარბენის დანახვა მოახერხა, მე კი საბედნიეროდ, შევასრულე.
ხანდახან ძალიან რთულია ასეთი მომენტის გამოყენება, მაგრამ მახსოვდა, რომ გუნდი მარცხდებოდა და უნდა გამეტანა."