"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი მიიჩნევს, რომ დელე ალი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოლ პოგბა.
"მამლების" 20 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ნაკრებისა და კლუბის რიგებში 14 გოლი გაიტანა - 5-ით მეტი, ვიდრე პოგბამ - და მას ზაფხულში მადრიდის "რეალში", "ბარსელონაში", "მანჩესტერ სიტისა" და "იუნაიტედში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
რედნაპს კი მიაჩნია, რომ ამ გუნდებს ახალი სატრანსფერო რეკორდის დამყარება მოუწევთ, თუკი ინგლისელის შეძენა სურთ.
"ვფიქრობ, 100 მლნ. ფუნტი ღირს. პოგბას ფასი თუ 90 მლნ. ფუნტია, ალი უფრო ძვირად ფასობს. 20 წლის არის! ამ ბავშვს ყველაფერი აქვს - გოლებს იტანს, ქმნის შანსებს, თავური გოლებიც გააქვს, დარბის, დრიბლინგი შეუძლია, ბრძოლაში შედის, არ ნებდება. ფანტასტიკურია".
რედნაპმა "იუნაიტედი" გააკრიტიკა იმისა გამო, რომ ალი არ შეიძინა, სანამ მას "ტოტენჰემი" გადაიბირებდა 5 მლნ. ფუნტად.
"განა არ ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, როცა მისმა "მკ დონსმა" ლიგის თასის მეორე რაუნდში "იუნაიტედი" 4-0 დაამარცხა? გასაკვირია, რატომ არ წაიყვანეს ეს ბიჭი 5 მლნ. ფუნტად.
როგორ ვერ შეამჩნიეს? საოცარია, რომ არავის მოუვიდა თავში აზრად. 5 მილიონი ფუნტი! რა შენაძენი, რა ფეხბურთელი!"