"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებას მიმდინარე სეზონში დაუძლეველ ბარიერად მიიჩნევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი ინგლისის ჩემპიონატში ბრძოლას წყვეტს.
"წითელი ეშმაკები" ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და მიუხედავად იმისა, რომ ლიდერ "ჩელსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ პრემიერ ლიგაში არცერთი მატჩი არ წაუგიათ, ლოდონელებს 14 ქულით ჩამორჩებიან.
"რეალურად პრემიერ ლიგის მოგება თითქმის შეუსრულებელი მისიაა. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, მე მხოლოდ პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩის მოგება მაინტერესებს, ეს კი ნამდვილად არ არის შეუსრულებელი დავალება.
პრემიერ ლიგას სწორედ ასე ვუდგებით, ლიგის თასის მოგების შანსი 50 პროცენტია, ინგლისის თასის მერვედფინალში ვართ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში, ასე რომ, ბევრი მატჩი გვაქვს", - განაცხადა მოურინიომ.