"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს "რედინგთან" მატჩისთვის ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს და გუნდს მხოლოდ ერთი მოთამაშე აკლია, რომელიც ამჟამად აფრიკაში საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.
ერიკ ბაიი ერთადერთია, რომელიც ინგლისის თასზე გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს, ლუკ შოუ და უეინ რუნი კი "იუნაიტედს" დაუბრუნდნენ და მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ კაპიტანი სერხიო რომეროსთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
შოუს ლიგის თასზე "ვესტ ჰემთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია, რუნიმ კი ბოქსინ დეიზე მიიღო ტრავმა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოედანზე არ გასულა.
"ნული ტრავმა გვაქვს. ნული ტრავმა! 27 ფეხბურთელი გვყავს და ნული ტრავმა. სეზონის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა არასდროს გვქონია. ტრავმირებულთა ნორმალური რაოდენობა გვქონდა, რაც ყოველთვის ხდება, მაგრამ ამჯერად ნულია. ბაიის გარდა, რომელიც აფრიკის თასზეა, ყველა ხელმისაწვდომია.
დიახ, ფეხბურთელები უნდა დავასვენოთ. ზოგიერთ ფეხბურთელს ცოტა დასვენება სჭირდება. ბევრ ფეხბურთელს კი თამაში. ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს თამაშს. ყველას ვენდობი. ვიცი, რომ სამი თუ ოთხი ფეხბურთელის შეცვლის შემთხვევაში ხალხი იტყვის, სარისკოაო. ზოგიერთი კი იტყვის, ასე იმის გამო მოვიქეცით, რომ ჩემპიონშიპის გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ "რედინგი" პრემიერ ლიგის ზოგიერთ გუნდს სჯობია.
სარისკო მხოლოდ ის იქნება, თამაშს არასწორად რომ მივუდგეთ. ფეხბურთელები თუ ისე მიუდგებიან თამაშს, რა პასუხისმგებლობითა და მონდომებითაც ყოველ მატჩს ხვდებიან, გამარჯვების კარგი შანსი გვექნება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთ ფეხბურთეს დავასვენებთ და ზოგიერთს შანსს მივცემთ", - განაცხადა მოურინიომ.