მადრიდის "ატლეტიკო" "წითლებისგან" ორმაგ წინადადებას მიიღებს.
ჟოზე მოურინიო მადრიდის "ატლეტიკოს" საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის კონტრაქტების გამოსყიდვას შესთავაზებს.
ნიგესმა გასულ სეზონში "იუნაიტედში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "ატლეტიკოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი და გამოსასყიდ თანხად 54 მილიონ ფუნტს მოიაზრებს. ასევე მოიქცა ანტუან გრიზმანი, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხა გაცილებით დიდია - 91 მილიონი ფუნტი.
"მანჩესტერ იუნაიტედს" კი იმედი აქვს, რომ 145 მლნ. ფუნტად ორივე მათგანის შეძენას შეძლებს, რასაც მიმდინარე სეზონის ბოლოს ეცდება.
22 წლის საული მოურინიოს გემოვნებისთვის შესაფერისი ნახევარმცველია: მაღალი, ათლეტური და ძალიან მოძრავი. მას ცენტრალურ ზონაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და თავდაცვით ფუნქციებსაც ითავსებს.
გრიზმანმა კი 2014 წელს მადრიდელთა რიგებში გადასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 118 მატჩში 62 გოლი გაიტანა, რის გამოც უეინ რუნის შემცვლელად მოიაზრება.
მოურინიოს მიაჩნია, რომ კიდევ ოთხი ან ხუთი სახელოვანი ფეხბურთელი უნდა შეიძინოს, რათა "იუნაიტედი" სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის დიდებას დაუბრუნოს. თუმცა, შენაძენების გარდა იგი გაყიდვებსაც გეგმავს და ასეთთა სიაში მორგან შნეიდერლინი, მემფის დეპაი და ბასტიან შვაინშტაიგერი მოხვდებიან.
წყარო:
the times