ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი იანვარში თავდამსხმელს არ შეიძენს, რადგან კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი შემადგენლობით და ახლა ასეთი კონტრაქტის გაფორმების დრო არ არის.
პორტუგალიელმა ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა და შვედმა 17 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე. მის გარდა კი გუნდს უეინ რუნი, ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი ჰყავს, რომლებმაც ჯამში 11 გოლი გაიტანეს.
"მიდლსბროსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის თაობაზე, აპირებდა თუ არა ახალ წელს თავდამსხმელის შეძენას. "არა, არ ვაპირებთ. ჩვენ გვყავს ზლატანი, რუნი, რეშფორდი და მარსიალი, რომლებიც სხვადასხვა სტილის ფეხბურთში 9 ნომრად შეუძლიათ თამაში.
ამჟამად 24 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი გვყავს. ვიცი, რომ ბევრ ტურნირზე ვასპარეზობთ, მაგრამ სად არის მაღალი დონის ფორვარდი, "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეს რომ შეესაბამებოდეს, სად არის ფორვარდი, რომელსაც კლუბი მოიყვანს? ეს იანვრის სატრანსფერო ბაზრის საკითხი არ არის, უფრო საზაფხულო თემაა", - განაცხადა პორტუგალიელმა.