"მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონი მარსიალს "სევილიაში" იჯარით გადასვლის საშუალებას არ მისცემს.
ესპანური კლუბის საფეხბურთო დირექტორი მონკი მარსიალის აგენტს ფეხბურთელის ხელმისაწვდომობის შესახებ დაეკითხა.
ფრანგი ნახევარმცველი უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღებას ითხოვს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ამას ვერ ახერხებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პორტუგალიელს იგი არ სჭირდება, პირიქით, მისგან უფრო მეტის მოლოდინი აქვს.
შექმნილი ვითარებით სარგებლობა კი ხორხე სამპაოლის სურდა, თუმცა ის ერთადერთი როდია, რომელიც 21 წლის ფეხბურთელით ინტერესდება. ენტონის გადაბირება "ვესტ ჰემსაც" სურს.
"იუნაიტედმა" კი ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე დაიჭირა და ცხადყო, რომ მარსიალს არსად წასვლის საშუალებას არ მისცემს.
თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის თაობაზე, რომელთა გასაყიდად "ევერტონის" წინადადებას კლუბი მიმდინარე კვირაში ელის.