ლიგის თასის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი მოხარულია თავისი და გუნდის თამაშით.
"ფეიენოორდთან" გაბრწყინების შემდეგ, სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ერთ კვირაში ორჯერ მოიპოვა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო - "იუნაიტედის" ოფიციალურ თვითერზე გამოკითხული გულშემატკივრების ხმების 78% სწორედ ჰენრიხს ერგო.
დორტმუნდის "ბორუსიადან" ზაფხულში შეძენილმა ფეხბურთელმა შეცვლაზე გასვლისას "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. შეხვედრის შემდეგ მხითარიანმა განაცხადა, რომ მოხარულია გუნდის წარმატებით და ამაში თავისი წვლილის შეტანით.
"თამაშით აღელვებული ვარ, ჩემი თამაშით ვარ აღელვებული. კარგად შევასრულეთ ჩვენი საქმე. გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ, რადგან კვირას გამართული მატჩი, ჩვენთვის კარგი არ გამოდგა გამარჯვების მოუპოვებლობის გამო. მაგრამ ამჯერად ყველაფერმა გაამართლა და მოხარულები ვართ."
"წითლები" სათასო მატჩებში, რომლებსაც "ოლდ ტრაფორდზე" მართავენ, წარმატებით ასპარეზობენ და ეს დამტკიცდა არა მარტო "ფეიენოორდა" და "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრაში, რომელთაც ასევე 4 გოლი გაუტანეს, არამედ "მანჩესტერ სიტისთან" დერბიშიც. "ბოლო მატჩში ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ახლა შევძელით, ასე რომ, ამაშია განსხვავება. შესაძლოა, ამჯერად იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც მოგვეთხოვებოდა და 4 გოლი გავიტანეთ. შეიძლება, მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 4 გოლზე შევჩერდით და კარგად ვითამაშეთ, დაცვიდან თავდასხმაში დიდებულად გადავდიოდით. "ევერტონთან" მატჩისთვისაც ასევე უნდა მოვემზადოთ."
27 წლის ფეხბურთელი "ვესტ ჰემის" მცველების თავისტკივილი იყო. მხითარიანმა ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ენტონი მარსიალს, მაგრამ იგი ასევე აცნობიერებს გუნდის თავდადებას და ფიქრობს, რომ ასეთი თამაში "წითლებს" დეკემბრის გადატვირთულ გრაფიკში წარმატებას მოუტანს. "მატჩის შემდეგ ხანდახან ძალიან დაღლილი ხარ, მაგრამ ეს კარგი დაღლაა, რადგან მოედანზე ყველაფერი გააკეთე და ამით კმაყოფილი ხარ, ასე რომ, ჩემი აზრით, დღეს ყველა დაღლილი, მაგრამ კმაყოფილია.
რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა მატჩის მოგება, უფრო სწრაფად და უკეთ აღიდგენ ფორმას, უფრო მეტი მხიარულებაა გასახდელ ოთახში, რაც კარგ ატმოსფეროს ქმნის და ჩვენც სწორედ ამას ვცდილობთ", - განაცხადა მხითარიანმა.