ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ენტონი მარსიალისგან შესაძლებლობათა მაქსიმუმს ვერ იღებს და მისივე თქმით, ფრანგმა უკვე გაუშვა ხელიდან სამი შანსი.
მარსიალი ვერ მოხვდა "ფეიენოორდთან" მატჩის განაცხადში, რის შესახებაც მოურინიომ ისაუბრა.
გასულ სეზონში "მონაკოდან" 58 მლნ. ფუნტად "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისა და 49 მატჩში გატანილი 17 გოლის შემდეგ, ფორვარდმა მხოლოდ 3 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში შესაძლო ბოლო 13 მატჩიდან.
მოურინიო აღიარებს, რომ ლუი ვან გაალის ტაქტიკა და სისტემა გაცილებით უკეთ ერგებოდა მარსიალს, ვიდრე მისი. თუმცა, პორტუგალიელს მიაჩნია, რომ მან საკმარისი შესაძლებლობა მისცა მარსიალს თავის გამოჩენისთვის. "პირველ ყოვლისა, ყველა გუნდი განსხვავებულია. სტილი, რომლითაც გუნდი შარშან თამაშობდა - არ ვამბობ, რომ ცუდი იყო ან კარგი - ალბათ, უფრო შეეფერებოდა ენტონის.
იმ ინტენსიურობის, ბურთის ფლობისა და გორაობის ფონზე თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა.
შესაძლოა, დროც სჭირდება, მაგრამ ჩვენს გუნდში, ამ პოზიციაზე მხითარიანი, ლინგარდი, დეპაი, მატა და რეშფორდი გვყავს.
ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი არჩევანი გვაქვს. ერთი შესაძლებლობა გეძლევა, ორი, სამი - თუ ვერ იყენებ, ვიღაც მოდის და შენს წილს ისაკუთრებს", - განაცხადა მოურინიომ.
"ფეიენოორდთან" მატჩის შემდეგ, მოურინიომ დაადასტურა, რომ მარსიალი მწყობრში იყო, მაგრამ მას ადგილი ჰენრიხ მხითარიანმა წაართვა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"ამ თამაშისთვის ფორმაში იყო, უბრალოდ ასეთი არჩევანი გაკეთდა. შაბათს ითამაშა, მე 12 ფეხბურთელს ვერ ვათამაშებ, ვერც 19 ან 20 მოთამაშეს დავსვამ სკამზე.
თქვენ მხითარიანის ნახვა გინდოდათ, თქვენც გინდოდათ. ყველას ერთდროულად ვერ ვათამაშებ, ასე რომ, მხოლოდ არჩევანი იყო".