ჰენრიხ მხითარიანის მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღებით დასრულდა.
სომეხი ფეხბურთელის საოცარმა თამაშმა გამოკითხულთა ხმების 71 პროცენტი დამსახურა და პირველი ორი გოლის ავტორებს, უეინ რუნისა და ხუან მატას აჯობა.
"დიდი სიამოვნება იყო კვლავ თამაში, სასტარტოში მოხვედრა. მე ჩემი მაქსიმუმის გაკეთება ვცადე და ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგ შედეგს მიაღწია", - განაცხადა მხითარიანმა.
დორტმუნდის "ბორუსიადან" ზაფხულში შეძენილმა ფეხბურთელმა მანამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, როცა 10 სექტემბერს მანჩესტერულ დერბიში მიიღო მონაწილეობა. "ძალიან რთული იყო გუნდის თამაშისთვის შორიდან ყურება. მაგრამ, იცით, მონდომება არ უნდა დაკარგო, უნდა იშრომო და მომდევნო შანსის მიღება სცადო".
როცა ჰკითხეს, "ფეიენოორდთან" მატჩი მისი ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებოდა თუ არა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა უპასუხა: "იმედი მაქვს. ვნახოთ".