"არსენალთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მაიკლ კერიკი დარწმუნებულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შექმნილი ატმოსფერო გუნდს აუცილებლად მოუტანს მომავალში წარმატებებს.
არსენ ვენგერის გუნდის წინააღმდეგ "წითლები" დომინირებდნენ, მაგრამ ხუან მატას მიერ გატანილი გოლი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი, რამეთუ ოლივიე ჟირუმ 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. "მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ არასდროს შეიძლება მოდუნება და გამოთიშვა. მათ მართლაც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ვფიქრობ, თავს კარგად ვიცავდით როგორც გუნდი. ყველა სათამაშო გეგმას მიჰყვებოდა და ამან გაამართლა.
რთულად გადასატანი იყო, რაც მოხდა. თუ სტრესში ხარ და მოდუნდი, მაშინ გასაგებია, მაგრამ მატჩში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თამაშს ვაკონტროლებდით, გოლი კი არსაიდან გავიდა - რთულად გადასატანია", - განაცხადა კერიკმა.
პოზიტიურ საგნებზე საუბრისას და გადატვირთული გრაფიკის მოლოდინში კერიკს მიაჩნია, რომ გუნდის მომავალი შეიცვლება, თუკი ასევე განაგრძობენ მატჩებში დომინირებას.
"ნებისმიერი თამაშისგან პოზიტიური მომენტი უნდა დაიჭირო. გაცილებით ადვილია ასეთი შედეგის მიღება, როცა იცი, რომ კარგად ითამაშე, გააკეთე ყველაფერი, რაც შეგეძლო და გამარჯვება დაიმსახურე.
პრობლემა მაშინ არსებობს, როცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის და ფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი უნდა იყოს და პრობლემებია გადასაჭრელი, მაგრამ მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, რომლის გადაჭრაც საჭიროა.
რა თქმა უნდა, შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი თამაშით, უფრო ხშირად მოვიგებთ და დღეიდან სეზონის ბოლომდე ასე იქნება", - დაასრულა ინგლისელმა ნახევარმცველმა.