ჟოზე მოურინიო იძულებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სუონსი სიტის" მატჩისთვის ტრიბუნებიდან ედევნებინა თვალი, რამეთუ დისკვალიფიცირებული იყო. შეხვედრის შემდეგ მან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით
"მართლაც მოხარული ვარ. ვფიქრობ, "იუნაიტედის" ყველა წარმომადგენლისთვის მშვიდი დღე იყო პირველივე წუთებიდან. ყველანი ვგრძნობდით, რომ თამაშში ვიყავით და სტაბილურად ვთამაშობდით, ვაკონტროლებდით და ფეხბურთელებმა კარგი ფოკუსირება გამოავლინეს მათი თავდადებისა და კონცენტრაციის მხრივ. ვფიქრობ, კარგები იყვნენ და მათ გამო ბედნიერი ვარ."
"წითლებმა" კარგად აღიდგინეს ფორმა
"მეორე ტაიმში უკვე იგრძნობოდა დაღლილობა, რადგან პარასკევს თურქეთიდან დილის 4 საათზე დავბრუნდით, გუშინ კი თვითმფრინავის პრობლემები გვქონდა, რის გამოც ჩამოფრენა და აქ დასვენება მოგვიხდა. მაგრამ იძულებულნი ვიყავით თვითმფრინავი გამოგვეცვალა და "სუონსის" სასტუმროში საღამოს 8 საათზე ჩამოვსულიყავით სადილისთვის, თუმცა შუა დღეს დასვენება ვერ მოვახერხეთ. კვირის განმავლობაში პრობლემები გვქონდა, ამას ემატებოდა ხელმიუწვდომელი ფეხბურთელები, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ბარნლისთან" სახლში დაფიქსირებული ცუდი შედეგის შემდეგ, არა ცუდი თამაშის, არამედ ცუდი შედეგის შემდეგ კომპენსირება მოვახდინეთ და მართლაც ბედნიერი ვარ, რადგან ახლა ფეხბურთელებს საერთაშორისო მატჩებზე წასვლა გამარჯვების, კარგი გამარჯვების შეგრძნებით შეუძლიათ."
ზლატანი გუნდური ფეხბურთელია
"არ ვიცოდი, რომ ზლატანმა მე-400 საკლუბო გოლი გაიტანა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გუნდისთვის დიდებული ფეხბურთელია. დღეს მან გაიტანა, ბოლო სამი, ოთხი თუ ხუთი მატჩის განმავლობაში არ გაუტანია, თუმცა ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ერთია თავდამსხმელი, რომელიც გოლებს იტანს, მაგრამ არაფერს აკეთებს და სულ სხვაა, რომელიც ვერ იტანს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს , ამ პერიოდში კი იგი გოლებს ვერ იტანდა, მაგრამ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა. ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანას დაუბრუნდა."
პოზიტიური კომბინაცია
"ჩემი აზრით, მაიკლ კერიკი სტაბილურობა იყო, მარუან ფელაინი ბალანსი. პოლ პოგბა თავისუფლება და მათი შერწყმა ნიშნავდა თამაშს, რომელიც ძალიან პოზიტიური იყო ჩვენთვის."