ჯესი ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ადიდასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
"იუნაიტედის" აღზრდილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით წარმატებით დაიწყო და ჯილდოდ გარეთ საუთგეითის ინგლისის ნაკრებში თამაშის საშუალებაც მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტისა და სლოვენიის წინააღმდეგ.
დამატებითი ჯილდო კი ინგლისელისთვის ახალი 4-წლიანი კონტრაქტი იქნება, რომელიც მის ხელფასს გააორმაგებს და კვირაში 30 ათას ფუნტს გახდის.
23 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 18 თვეში იწურება, თუმცა "იუნაიტედს" სულაც არ სურს მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა.
ამავე აზრზეა "ადიდასი", რომელიც ლინგარდს სარფიან წინადადებას შესთავაზებს.
ის ფაქტი, რომ "იუნაიტედიც" და ლინგარდიც გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობენ, "ადიდასის" სამომავლო მარკეტინგულ სტატეგიას წაადგება.