მცველი, რომელიც მოურინიოსგან თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.
ჟოზე მოურინიომ სამშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" ტელევიზიას განუცხადა, რომ 16 ივლისს "უიგანთან" მატჩში ტაირელ უორენსა და აქსელ ტუანზებეს მისცემს შანსს.
ტუანზებემ გასულ სეზონში "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში დაიმკვიდრა თავი, პირველ გუნდში კი "კრისტალ პალასისა" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჩაატარა მატჩები. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმამ მისი პროგრესი შეაჩერა, კონგოელმა ცენტრალურმა მცველმა მოედანზე დაბრუნება მაინც მოახერხა და უორენ ჯოისის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ჩემპიონატის მოგება იზეიმა.
უორენი კი შედარებით ნაკლებად ცნობილია გულშემატკივრებისთვის, რამეთუ მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა უორენ ჯოისის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და ისიც ლანკაშირის თასზე "ბლექპულის" წინააღმდეგ, როცა 18-წლამდელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე იქნა გამოყენებული. მცველმა დანარჩენი ოთხი მატჩი 21-წლამდელთა გუნდში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაატარა და უდიდესი გამოცდილებაც მიიღო.
აკადემიის გუნდში მან 23 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში და კაპიტნის სამკლაურსაც დაეუფლა კარგი თამაშის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით მარჯვენა მცველია, თავისი შესაძლებლობები და ლიდერობის უნარი ცენტრალური მცველის პოზიციაზე წარმოაჩინა და "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში შეუდარებელი იყო.
მორიგი შესანიშნავი ინდივიდუალური თამაში მან უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ მატჩში აჩვენა. მისი მწვრთნელი ნიკი ბატი მიიჩნევდა, რომ მცველი საუკეთესო ფეხბურთელი იყო 1-1 ფრედ დასრულებულ შეხვედრაში. მან 6 ევროპული მატჩიდან 5 ჩაატარა და მხოლოდ ცსკა-ს წინააღმდეგ შეხვედრა გამოტოვა.
მანჩესტერში დაბადებულ და "იუნაიტედის" სკოლა გამომვლილ 17 წლის უორენს ნამდვილად აქვს წინაპირობა მოურინიოსთვის თავისი უნარების დამტკიცებისა და სამომავლო განვითარებისათვის, ისევე როგორც, ტუანზებეს. მთავარი მწვრთნელის სიტყვები ნიშნავს, რომ მათ შანსი აუცილებლად მიეცემათ.
წყარო:
manutd.com