უეინ რუნი აღნიშნავს, რომ ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშმა, როგორიც სტივენ ჯერარდი და პოლ სქოულზი არიან, ნახევარმცველობისთვის მოამზადა.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ნახევარმცველად თამაშობს და მანამდე იმავეს "ეშმაკების" რიგებშიც აკეთებდა.
ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამბობს, რომ მომავალში გასაკვირი არ უნდა იყოს მისი თამაში მოედნის სიღრმეში.
"ასეთი რამ ოდესმე მაინც მოხდებოდა. ვგონებ, 24 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვთქვი, ერთ დღეს აუცილებლად ვითამაშებ ნახევარდაცვაში-მეთქი და ბოლო რამდენიმე თვეა სწორედ ეს ხდება.
ინგლისის ნაკრებში საუკეთესო ნახევარმცველების, პოლ სქოულზისა და სტივენ ჯერარდის გვერდით ვთამაშობდი და არც ისეთი გულუბრყვილო ვყოფილვარ, რომ ამ ფეხბურთელების ქმედებებს არ დავკვირვებოდი, რამეთუ ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც მომიწევდა ამავე პოზიციაზე თამაში.
მათ ვარჯიშისა და თამაშის დროს ვაკვირდებოდი და მათი უნარების ჩემი სათამაშო სტილისთვის დამატებას ვცდილობდი", - განაცხადა რუნიმ.