ვისენტე დელ ბოსკეს განცხადება.
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ ძალიან გაუჭირდა იკერ კასილიასის დატოვება სათადარიგოთა სკამზე, თუმცა აცნობიერებს, რომ დე ხეა ახლა გაცილებით უკეთესი მეკარეა, ვიდრე ვეტერანი.
კასილიასი, "რეალის" ყოფილი და "პორტუს" ამჟამინდელი მეკარე ესპანეთის ნომერ პირველ კიპერად ითვლებოდა 2002 წლის შემდეგ და მან სანაკრებო დონეზე 167 მატჩი ჩაატარა. იკერმა კაპიტნის რანგში 2010 წლის მსოფლიო, ხოლო 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
მიუხედავად ასეთი გამოცდილებისა, დე ხეას მიერ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული კარიერის განმავლობაში ნაჩვენებმა თამაშმა დელ ბოსკეს დიდი არჩევანი არ დაუტოვა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე როტირების შემდეგ მან ფინალურ ტურნირზე არჩევანი "იუნაიტედის" მეკარეზე შეაჩერა.
დელ ბოსკემ თურქეთთან მატჩის წინ ახსნა, თუ რატომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
"ის, რომ იკერი არ თამაშობს, ჩემთვის მტკივნეულია. ის არის მოთამაშე, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, რადგან ჩვენთან 14 წელია იმყოფება. ვეცადე, მოვლენები მაქსიმალურად კარგად მიმეღო. მას ვესაუბრე, რადგან იმსახურებდა. იკერის ანგარიშზე 160-ზე მეტი მატჩია. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებას ვცდილობთ, დე ხეასა და კასილიასს შორის კი მცირე განსხვავებაა.
მომეწონა, როგორი რეაქციები ჰქონდა იკერს სათადარიგოთა სკამზე. ვფიქრობ, ძალიან მოდუნებული იყო. სასიამოვნოა როცა ხედავ, რომ სათადარიგოები თამაშით ცოცხლობენ და ისე განიცდიან, თითქოს მოედანზე იმყოფებოდნენ. კასილიასი ძალიან დაგვეხმარება".დელ ბოსკეს ჩეხეთთან მატჩის წინ ხშირად უსვამდნენ შეკითხვას, დავიდსა და იკერს შორის ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, მაგრამ ესპანელთა თავკაცი თავის გადაწყვეტილებას ბოლომდე საიდუმლოდ ტოვებდა.
"ჩემი შვილებიც კი მეკითხებოდნენ იკერსა და დავიდს შორის ვის ვათამაშებდი, ალბათ, ძალიან უნდოდათ სცოდნოდათ, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ უნდა მოეცადათ და გაიგებდნენ. ჩემი ვალია ბოლო წუთამდე საიდუმლოს შენახვა".წყარო:
manutd.com