დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვატცკე აცხადებს, რომ მისი გუნდის შემტევ ნახევარმცველს, ჰენრიხ მხითარიანს თავისი კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვა მოუწევს.
გუშინ დილით პრესაში გავრცელდა 27 წლის სომეხი ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას ინტერვიუ იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი ბუნდესლიგის კლუბთან შეთანხმებას არ გაახანგრძლივებდა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ამჯობინებდა.
თუმცა "ბორუსია" მზად არის, ფინანსური დანაკარგი განიცადოს ერთი წლის შემდეგ და მხითარიანი უფასოდ გაუშვას, ვიდრე მიმდინარე ზაფხულს გაყიდოს.
"ჰენრიხ მხითარიანთან ახალი კონტრაქტის თაობაზე ოთხი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. ახლა ვიცით, რომ არ გაახანგრძლივებს. მაგრამ არასდროს დავპირებივართ მას, რომ ჩვენგან ნაადრევად წასვლას შეძლებდა.
ყველა შესაძლო კლუბში მისი გადასვლის ალბათობა დაწვრილებით შევისწავლეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ დორტმუნდში მომდევნო სეზონსაც გაატარებს", - განაცხადა ვატცკემ.