გავლენიანი გამოცემის საინტერესო ინფორმაცია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დაასრულებს.
Sky-ს წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი და შვედი ფორვარდის წარმომადგენლები ერთწლიანი კონტრაქტის პირობებს აგვარებენ, რადგანაც ჟოზე მოურინიოს ზლატანის "ოლდ ტრაფორდზე" გადაყვანა სურს.
გამომდინარე იქიდან, რომ ზლატანს "პარი-სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ეწურება, "იუნაიტედი" მას უფასოდ გადაიბირებს და ეს მოხდება 13 ივნისამდე, ანუ ევროპის ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების პირველ მატჩამდე.
Sky ასევე ირწმუნება, რომ იბრაჰიმოვიჩი ერთადერთი ახალი ფორვარდი იქნება, რომელსაც მოურინიო წელს შეიძენს, რადგანაც მას მარკუს რეშფორდის იმედიც აქვს. სწორედ ამის გამო მის გუნდში ახალგაზრდა რეშფორდიც მიიღებს თავის გამოჩენის შანსს.
გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ მოურინიო არ აპირებს გვერდის ავლას ტრადიციისთვის, რომელიც "იუნაიტედში" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას გულისხმობს.
პრემიერ ლიგაში თამაში თავად იბრაჰიმოვიჩსაც სურს, რადგანაც მის თაროს აკლია ინგლისური ტიტული. ამის გამო შვედმა უარი თქვა ჩინური კლუბების სარფიან შეთავაზებაზე და არც იტალიაში დაბრუნება ისურვა, რადგან ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა სურს.
შეგახსენებთ, რომ Sky პირველი გამოცემა იყო, რომელმაც ლუი ვან გაალის გათავისუფლება ოფიციალურ დასტურამდე ერთი დღით ადრე გამოაცხადა, მოგვიანებით კი ჟოზე მოურინიოს დანიშვნა ასევე ყველაზე პირველმა დაადასტურა.
წყარო:
skysports