"ჩელსის" მცველი ჯონ ტერი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატებული იქნება.
2015/16 წლების სეზონში მოურინიო "ჩელსიდან" გააძევეს, რადგანაც პრემიერ ლიგის ტიტულის დაცვა საშინლად დაიწყო და გააგრძელა. ამის შემდეგ კი პორტუგალიელი ლუი ვან გაალის შემცვლელად დაინიშნა "ოლდ ტრაფორდზე".
ტერი მოურინიოს ხელმძღვანელობით "სტემფორდ ბრიჯზე" ორივეჯერ თამაშობდა, როცა პორტუგალიელი "ლურჯებს" წვრთნიდა, გამოცდილებიდან გამომდინარე კი იცის, რომ ჟოზე "იუნაიტედს" წარმატებას მოუტანს.
"მოურინიოს დანიშვნა ფანტასტიკური ამბავია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". სამწუხარო იყო, რომ "ჩელსიმ" ეს სეზონი ასე დაასრულა, მაგრამ მას ყველაფერს კარგს ვუსურვებ, რადგანაც კარგი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდებული იქნება.
დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედის" გულშემატკივრები და ფეხბურთელები მოხარულები იქნებიან ამით, რადგან, როგორც მანამდე მრავალჯერ ვთქვი, ის საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი მიმუშავია.
დარწმუნებული ვარ, თავს დაიმკვიდრებს ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიც რაიან გიგზია - ვიმედოვნებ, ის დარჩება და მოურინიოს მხარს დაუჭერს", - განაცხადა ინგლისელმა.
რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგის ეგიდით მოურინიო აუცილებლად დაბრუნდება "სტემფორდ ბრიჯზე", ტერის კი მიაჩნია, რომ მას თბილ დახვედრას მოუწყობენ.
"ძალიან უცნაური გრძნობა იქნება, მაგრამ მანამდეც დავპირისპირებივარ ჟოზეს გუნდს, ასე რომ, საინტერესო იქნება მის წინააღმდეგ თამაში.
როცა "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდება, დიდებულ დახვედრას მიიღებს".