მემფის დეპაი უარყო, რომ ლუი ვან გაალის გაძევების გამო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას აპირებს.
ჰოლანდიელი მწვრთნელი ჰოლანდიელ ვინგერთან ერთად ეროვნული ნაკრების წვრთნის პერიოდში მუშაობდა, მოგვიანებით კი იგი "იუნაიტედში" შეიძინა.
თუმცა პსვ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ვან გაალმა ინგლისის თასის ფინალური მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა, "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებას ვერ მიაღწია.
"ვან გაალის გათავისუფლებას ჩემზე გავლენა არ აქვს. მე ბედნიერი ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" და ჩემით ბედნიერია ხელმძღვანელობა. წარმოდგენა არ მაქვს, ვან გაალის წასვლამ რატომ უნდა შეცვალოს ჩემი მდგომარეობა.
"იუნაიტედში" ვან გაალის გარეშეც ვითამაშებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი თავის მჯერა და ბევრს ვშრომობ.
არ ვიცი, ვან გაალთან ურთიერთობაში სასიყვარულო-საძულველი დამოკიდებულება მქონდა თუ არა. მისი წასვლა მხოლოდ იმას აჩვენებს, რაც საფეხბურთო ცხოვრებაში ხდება. ამისგან მხოლოდ უნდა ისწავლო და გაძლიერდე", - განაცხადა დეპაიმ.
"იუნაიტედი" ამ კვირაში მოურინიოს დანიშნავს და დეპაი მოხარულია, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. "მოურინიოს შესახებ უესლი სნეიდერს ვკითხავ, თუ ახალი მწვრთნელი გახდება. საინტერესოდ ჟღერს. სნეიდერმა მას ადრე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა".