ლუი ვან გაალი ანდრეას პერეირას დაპირდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშო დროს აუცილებლად მისცემდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეუსრულებია პირობა.
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასულ ზაფხულს პირველ გუნდში წარმატებით იასპარეზა და მოსალოდნელი იყო, რომ მწვრთნელის გეგმების ნაწილი იქნებოდა. მაგრამ პერეირას მხოლოდ ორჯერ ანდეს სასტარტო შემადგენლობაში თამაში და ორივეჯერ ლიგის თასზე, ინგლისის თასის მესამე რაუნდში თამაშის შემდეგ კი შანსი საერთოდ აღარ მისცემია.
ანდრეასმა შეზღუდული სათამაშო დროის გამო მწვრთნელს იანვარში განათხოვრება სთხოვა, მაგრამ ვან გაალისგან უარი და სიტუაციის გამოსწორების პირობა მიიღო, თუმცა ბოლო 4 თვეში ბრაზილიელმა მხოლოდ 43 წუთი ითამაშა.
"იანვარში იჯარის წესით გადასვლა მინდოდა, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიმეღო და გავუმჯობესებულიყავი, მაგრამ ვან გაალმა მითხრა, რომ არ გამასხვისებდა. მითხრა, მანჩესტერში დარჩი და გამოგიყენებო, გათამაშებო.
მე ვუთხარი, რომ ეს მაწყობდა და თუ დარჩენა და თამაში შემეძლო, ასეც მოვიქცეოდი. არ გამიშვა. გადაწყვეტილება მივიღე და ახლა ვვარჯიშობ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და მისი სიტყვის ასრულებას ველოდები.
რა თქმა უნდა, უფრო მეტს ველოდი. ვფიქრობ, შანსს ვიმსახურებდი. იმ მატჩებში, სადაც შანსი მომცეს, კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
ჩემს მწვრთნელს ჯერ არ მოუცია ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ბევრს ვიშრომებ და შანსს დაველოდები. თუ წელს ვერ მივიღებ, იქნებ მომავალში მივიღო, მე მზად ვიქნები. მშვიდად ვარ, რადგან ყველა ხედავს, რომ კარგად ვთამაშობ და შანსს ვიმსახურებ", - განაცხადა პერეირამ.