სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, თუ რა იგრძნო 2012 წელს, როცა სერხიო აგუეროს მიერ დამატებით წუთებზე გატანილი გოლით "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.
შოტლანდიელის გუნდმა კონკურენტ "სიტისთან" ტიტული მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო დათმო. "სიტი" სეზონის ბოლო მატჩში "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 2-1 მარცხდებოდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი 2 გოლი გაიტანა და ტიტულს დაეუფლა.
ამის პარალელურად "იუნაიტედმა" "სანდერლენდი" დაამარცხა და "ეტიჰად სტედიუმზე" მხოლოდ სასტვენის ხმასღა ელოდა, რომ მეოცე ჩემპიონობა ეზეიმა, მაგრამ საბოლოოდ მომხდარმა ფაქტმა სერ ალექსსა და მის შეგირდებს მხოლოდ ისღა აუწყა, რომ ტიტული მანჩესტერის ცისფერ მხარეში მიდიოდა.
ფერგიუსონმა დუბლინში ყოფნისას ის მომენტი გაიხსენა და განცდილ გრძნობაზე ისაუბრა.
"30 წამის განმავლობაში ჩემპიონები ვიყავით. გვირაბში რომ შევედი ჯონ ო'ში დამხვდა, მაშინ "სანდერლენდში" თამაშობდა და მხოლოდ ესღა მითხრა: "ბოს, რა გითხრათ?"
გასახდელ ოთახში შევედი და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ, როცა მედიას ინტერვიუს მისცემდნენ, უბრალოდ "სიტისთვის" მიელოცათ ჩემპიონობა და ეთქვათ, რომ მომდევნო წელს ჩვენ ვიზეიმებდით ჩემპიონობას".
მომდევნო სეზონში "იუნაიტედმა" მართლაც მოიგო ტიტული და "სიტის" 11 ქულით აჯობა, სერ ალექს ფერგიუსონმა კი 26-წლიანი ეპოქა დაასრულა და "ოლდ ტრაფორდი" დატოვა. ახლა ამბობს, რომ ტიტულს თუ ვერ მოიგებდა, "იუნაიტედში" დარჩებოდა.
"კეტის ვუთხარი, რომ პენსიაში გასვლას ვაპირებდი და ის მეუბნება: "დარწმუნებული ხარ?"
მივხვდი, რომ უკვე დამდგარიყო ამის დრო, რადგანაც პირველად, როცა ვუთხარი პენსიაში გავდივარ-მეთქი, ასე მიპასუხა: "არა, არ გახვალ". ჩემპიონატი რომ არ მოგვეგო, არ ვიცი რას ვიზამდი".