"მანჩესტერ იუნაიტედს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე არავითარი შეთავაზება არ გაუკეთებია, აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.
რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე შვედი "პარი სენ-ჟერმენში" თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს, ფრანგული გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედისგან" უკვე მიიღო წინასწარი კონტრაქტი.
მაგრამ მინო რაიოლა ამ ამბავს არ ადასტურებს.
"ამ სამყაროში უნდა შევეგუოთ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ფანტაზიას იყენებს და რაღაცებს იგონებს. ეს ამბავი არ არის სიმართლე", - განაცხადა რაიოლამ.
თავად ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა, რომ "პარკ დე პრინსს" ტოვებს და იცის, რას გააკეთებს მომდევნო სეზონში.
"ვიცი, რასაც გავაკეთებ მომავალ წელს, მაგრამ არ გეტყვით", - თქვა ერთ-ერთი მატჩის შემდეგ.
რამდენიმე გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ ზლატანმა შეიძლება მომდევნო სეზონი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში გაატაროს.